„მოხარული ვარ, რომ დღეს მოგმართავთ ამ დიდ ბიზნესღონისძიებაზე, რომელიც მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა კერძო სექტორს, საჯარო სააგენტოებს, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის დიალოგის გასაძლიერებლად”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესფორუმი 2023“-ის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესთან ერთად, უფრო და უფრო იზრდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბიზნესკავშირების გაძლიერების მნიშვნელობა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი გააგრძელებს კანონმდებლობაზე მუშაობას, რადგან საქართველოში ბიზნესის კეთება იყოს მარტივი და ბიზნესგარემო იყოს კორუფციისგან თავისუფალი.
„თქვენს შეხვედრაში პარლამენტის მონაწილეობა აღიარებაა იმ ფაქტის, რომ საქართველოს წარმომადგენლობით დემოკრატიას უფრო და უფრო მეტი ეთქმის საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ყველას გილოცავთ ევროპული კომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ევროპული საბჭო დეკემბერში დაამტკიცებს ამ რეკომენდაციას და საქართველოს ოფიციალურად მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, რაც ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი იქნება, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ეფექტური ინტეგრაციის გზას გაუკვალავს. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესთან ერთად, უფრო და უფრო იზრდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბიზნესკავშირების გაძლიერების მნიშვნელობა. საქართველოს პარლამენტმა უკვე ბევრი რამ გააკეთა, ევროკავშირთან დაახლოების მიზნით, საკანონმდებლო ბაზის გასაუმჯობესებლად. პარლამენტი კანონის უზენაესობის გარანტორია, რაც მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის და, ზოგადად, ეკონომიკის განვითარებისთვის. გავაგრძელებთ კანონმდებლობაზე მუშაობას, რათა საქართველოში ბიზნესის კეთება იყოს მარტივი და ბიზნესგარემო იყოს კორუფციისგან თავისუფალი. ჩვენ, აგრეთვე, მზად ვართ დავეხმაროთ ქართულ კომპანიებს, მიიღონ მეტი წვდომა ევროპულ ბაზარზე”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, პარლამენტი მზად არის გააგრძელოს ქვეყანასა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა, რაც ბიზნესის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„გავლენიანი საერთაშორისო რეიტინგები მოწმობს მთავრობის ძალისხმევის ეფექტიანობას. მაგალითად, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის 2023 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, საქართველო 142 ქვეყანას შორის 48-ე ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, აგრეთვე, ევროკავშირის 2 და ნატო-ს 5 წევრ ქვეყანას. ამასთანავე, 2023 წლის გლობალური კორუფციის ინდექსი წარმოაჩენს საქართველოს „კორუფციის დაბალ მაჩვენებელს“, რომელიც რეიტინგში ნატო-ს 8, ევროკავშირის 4 წევრი ქვეყნისა და ევროკავშირის კანდიდატი ყველა ქვეყნის წინ გვაყენებს. მოწადინებულები ვართ, აქტიურად ვითანამშრომლოთ ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა ერთობლივად კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ეს სტატისტიკური მონაცემები. კომპლექსური გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, გიდასტურებთ პარლამენტის მზაობას, გააგრძელოს ქვეყანასა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზრდაზე ორიენტირებული ბიზნესკლიმატის შენარჩუნებისთვის. ამ მხრივაც ბევრი რამ გავაკეთეთ. მსოფლიო მშვიდობის ინდექსი, ანგარიში, რომელიც ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის მიერაა მომზადებული და ზომავს ქვეყნებისა და რეგიონების შედარებით პოზიციას მშვიდობიანობის კუთხით, წარმოაჩენს ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს შთამბეჭდავ პროგრესს. ჩვენ შემდგომშიც გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით, რათა უზრუნველვყოთ ბიზნესის საქმიანობის წარმატება და ეფექტიანობა. მადლობას ვუხდი ევროპულ ბიზნესასოციაციას ამ ღირებული ღონისძიების გამართვისთვის და ევროკავშირს – საქართველოში ასეთი საჭირო აქტივობების მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.