პარლამენტი „თავდაცვის კოდექსის“ პროექტს მეორე მოსმენით იხილავს

04/07/2023

საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე „თავდაცვის კოდექსის“ პროექტს მეორე მოსმენით იხილავს. საკითხი სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ გამოიტანა და კოდექსის მნიშვნელობასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებისთვის განმარტებები გააკეთა.

„თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები უმნიშვნელოვანეს რეფორმას წარმოადგენს, რომელიც არსებითად ცვლის და თავდაცვის მიზნებზე სრულად მორგებულს ხდის სამხედრო სამსახურს, ასევე შემოაქვს ჩვენი სამხედროებისათვის სოციალური დაცვის უმნიშვნელოვანესი გარანტიები. ქმნის თავდაცვის ორგანიზებისა და ნატო-სთან თავსებადობის ეფექტიან სამართლებრივ საფუძვლებს. შედეგად ჩვენ მივიღებთ ტოტალური თავადაცვის პრინციპებიდან გამომდინარე მეტ მომზადებულ ადამიანს, რაც თავისთავად გააძლიერებს თავდაცვისუნარიანობას“, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

მისი თქმით, აქ მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ხდება სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმა, იქნება რამდენიმე ვარიანტი რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს გაიარონ სამხედრო სავალდებულო სამსახური, ასევე იქნება ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამები, მაგალითად, სტუდენტებისთვის ოთხი წლის განმავლობაში ზაფხულში ერთი თვით მომზადების შედეგად ისინი ოთხი წლის თავზე ჩაირიცხებიან რეზერვში. თავდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით სავალდებულო სამხედრო სამსახურში ასევე არსებითად ხდება ხელფასების ზრდა და ეს ტენდენცია გაგრძელდება; მისივე განმარტებით სავალდებულო მოსამსახურეს პრაქტიკულად ექნება პროფესიული სამხედრო მოსამსახურის მსგავსი როგორც რეჟიმი, ისე სოციალური დაცვის გარანტიები, მათ შორის, ჯანმრთელობის დაზღვევა.

„ჩვენ ვქმნით რამდენიმე პროგრამას, რომლებიც ხელს შეუწყობს დასაქმებულ ახალგაზრდებს, პარალელურად გაიარონ სამხედრო სავალდებულო სამსახური და ყველაფერი ეს მოემსახურება აქტიური მომზადებული რეზერვის შექმნას, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად“, – განაცხადა გრიგორ გიორგაძემ.

პარლამენტში „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მეორე მოსმენით განხილვა თავების მიხედვით გრძელდება, მომხსენებელი კანონმდებელთა კითხვებს პასუხობს. თავდაცვის კოდექსის პროექტიდან გამომდინარე, ცვლილებები შედის ასევე 46 მოქმედ კანონში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0