„როდესაც სახეზე გვაქვს საკონსტიტუციო რეფორმა, ახალი რეგლამენტი, უფრო გახსნილი პოლიტიკური პროცესი, დემოკრატიული კონტროლი და ზედამხედველობა, უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ პარლამენტში ვქმნით კვლევით ცენტრს – პარლამენტის საკანონმდებლო და საზედამხედველო როლის გაძლიერების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის კვლევითი ცენტრის სამომავლო განვითარების ხედვის პრეზენტაციაზე განაცხადა.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო რეფორმა და მისგან გამომდინარე, განხორციელებული პარლამენტის რეგლამენტის რეფორმა შეახსენა და განაცხადა, რომ აღნიშნული ცვლილებების შედეგად, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საქმიანობის თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. მისივე შეფასებით, პარლამენტი დღეს უკვე განსხვავებულია, თუმცა, მას წინ გზა კიდევ აქვს გასავლელი.
„დარწმუნებული ვარ, რომ მონაწილეობით, ჩართულობით და შეთანხმებებით ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, შევძლებთ, რომ პარლამენტი გახდეს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, კანონშემოქმედებისა და ზედამხედველობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფუნდამენტი“, – მიმართა შეკრებილებს არჩილ თალაკვაძემ.
განხორციელებული დემოკრატიული რეფორმებისა და პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების კონტექსტში პარლამენტის თავმჯდომარემ კვლევითი ცენტრის რეფორმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, კვლევითი ცენტრის რეფორმა იძლევა შესაძლებლობას, რომ გადაწყვეტილებები შეფასების, კვლევის და შესაბამისი პროგნოზირების შემდეგ იყოს მიღებული. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი მიდგომა არა მხოლოდ პარლამენტის ინსტიტუტის, არამედ მთელი საზოგადოების ინტერესებშია.
„ეს არის ზედმიწევნით კარგად დაგეგმილი რეფორმა, რომელიც უკვე დაწყებულია. შემუშავებული გვაქვს კვლევითი ცენტრის დებულება, შეთანხმებულია ცენტრის მუშაობის ძირითადი პრინციპები. გსურს, გადავიდეთ განვითარების ისეთ ეტაპზე, სადაც ყველა გადაწყვეტილება მაქსიმალურად დაეფუძნება მტკიცებულებებს, ანალიზს და დაეფუძნება კვლევის შედეგებს. სამწუხაროდ, გვაქვს ისტორია ქვეყანაში, როდესაც ჯერ გადაწყვეტილებები მიიღებოდა და შემდეგ ხდებოდა კვლევა-შეფასება, თუ რამდენად სწორი და რამდენად სასარგებლო იყო ეს გადაწყვეტილებები. კვლევითი ცენტრი სწორედ იმ შესაძლებლობას გვაძლევს, რაზეც ჩვენს ძველ ანდაზაში არის ნათქვამი – ასჯერ გავზომოთ და ერთხელ გავჭრათ. შევაფასოთ, ვიკვლიოთ, გავაკეთოთ პროგნოზირება და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილებები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ კვლევითი ცენტრის დაფუძნების პროცესში ჩართულ პარტნიორებს, დონორებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა და დამსწრე საზოგადოებას კვლევითი ცენტრის ახალი დირექტორი წარუდგინა. მისი თქმით, კვლევითი ცენტრის დირექტორის პოზიციას გიორგი ხელაშვილი დაიკავებს, რომელსაც სამეცნიერო-ანალიტიკური საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს.
„გიორგი ხელაშვილი კვლევითი ცენტრის დირექტორის პოზიციაზე შეარჩია კომისიამ, რომელიც შედგებოდა უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებისგან. ის არის ადამიანი, რომელიც, ვფიქრობთ, რომ ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს ამ ცენტრის საქმიანობას და მის წარმატებას და მხოლოდ პროფესიონალიზმის ნიშნით, კანონმდებლობის, კონსტიტუციისა და ინსტიტუციისადმი პატივისცემის პირობებში შეძლებს ცენტრის საქმიანობა ეფექტურად უზრუნველყოს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.
მისი განაცხადებით, ყველა პარლამენტისთვის, რომელიც გამართულად მუშაობს და რომელიც განსაკუთრებულ როლს ასრულებს თავის ქვეყანაში, ასეთი კვლევითი ცენტრები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„გაეროსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ შესაძლებლობა მოგვცა შეგვეფასებინა, თუ როგორი იქნება საქართველოს პარლამენტისთვის საუკეთესო კვლევითი ცენტრი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს პარლამენტს თვისობრივად შეცვალოს მუშაობის ხარისხი და შესაბამისად, ხარისხის შეცვლასთან და გაზრდასთან ერთად, გაზარდოს საზოგადოების ნდობა პარლამენტის მიმართ იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მიზანიც და ამოცანაც არის ის, რომ საზოგადოება ენდობოდეს თავის არჩეულ წარმომადგენლებს, ენდობოდეს საკანონმდებლო ორგანოს და ხედავდეს იმას, რომ პარლამენტის მუშაობა არის პროფესიონალური, არის ხარისხიანი, პასუხობს საზოგადოების მოთხოვნებს და არის კარგად გააზრებული“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, პარლამენტის კვლევითი ცენტრის მიმართ საკმაოდ დიდი მოლოდინია.
„ყველას გვაქვს მოლოდინი, რომ დროთა განმავლობაში, ეს ცენტრი შეძლებს შეასრულოს ის ძალიან დიდი როლი, რომელიც აუცილებელია, ერთი მხრივ, პარლამენტის საქმიანობის ხარისხის გასაზრდელად და მეორე მხრივ, ქვეყანაში ხარისხიანი და პროფესიონალური დისკუსიების დასაწყებად“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, ერთ-ერთი ამოცანაა ასევე ისიც, რომ პარლამენტის კვლევითმა ცენტრმა უპასუხოს არა მხოლოდ პარლამენტის წევრების ინდივიდუალურ მოთხოვნებს და მიაწოდოს მათ ის ინფორმაცია, რომელსაც ისინი წერილობით ითხოვენ, არამედ დაამყაროს ძალიან სერიოზული კონტაქტები კვლევით ცენტრებთან, აკადემიურ დაწესებულებებთან, უნივერსიტეტებთან და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც, რომლებიც კვლევებს აწარმოებენ.
„ამ ქსელის შექმნის მეშვეობით, კვლევითი ცენტრის ამოცანაა საქართველოს პარლამენტში თავი მოუყაროს ყველანაირ ღირებულ ინფორმაციას, რომელიც კვლევების და ანალიზის სახით ქვეყანაში იქმნება და შესაბამისად, პარლამენტმა შეძლოს თავის საქმიანობა დააფუძნოს სწორედ მსგავს ანალიტიკურ კვლევებს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, კვლევითი ცენტრისთვის ძალიან კარგი ხელმძღვანელი შეირჩა, რომელიც შეძლებს და გაუმკლავდება საქართველოს პარლამენტთან ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის შექმნას.
კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, გიორგი ხელაშვილმა ცენტრის სამომავლო განვითარების ხედვის პრეზენტაცია წარადგინა.
ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და სამინისტროების სასწავლო ცენტრების ხელმძღვანელები დაესწრნენ.