პარლამენტის წევრებმა მადლობა გადაუხადეს სამედიცინო სფეროს ყველა რანგის თანამშრომელს

17/03/2020

პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნა რეგლამენტის შესაბამისად, პოლიტიკურ განცხადებებს დაეთმო, რომელიც ძირითადად, კორონავირუსით გამოწვეულ ვითარებას, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხს შეეხებოდა. პარლამენტის წევრებმა მადლობა გადაუხადეს სამედიცინო სფეროს ყველა რანგის თანამშრომელს, რომლებიც დაუღალავად, მაღალპროფესიულად უმკლავდებიან კორონავირუსით გამოწვეულ გლობალურ პრობლემას. დეპუტატებმა მათ მიმართ საჯარო მადლიერება ტაშით გამოხატეს.

ლადო კახაძე: ვთხოვ დარბაზში მყოფ ყველა ადამიანს ტაშით მივეგებოთ ჩვენი ექიმების დამსახურებულ საქმიანობას. მინდა მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომელთა სახელების ხსენებაზეც სრულიად საქართველო ერთიანდება. ესენი არიან ექიმები, ექთნები, სანიტრები – პროფესიონალები თავიანთი საქმის, რომლებიც თავისი პროფესიონალიზმით და მზრუნველობით კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დააღწევს თავს ამ გართულებას. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ურთიერთ გამხნევებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს. მადლობა ჩვენს მთავრობას, ოპერატიული და გამართული მუშაობისთვის. მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც გონივრულად მოეკიდა ამ სირთულეს, შეაფასა თავისი თავი, როლი და ადგილი. მინდა იმედიანი შეძახილით მივმართო ასევე სრულიად საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს.

დიმიტრი ხუნდაძე: საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითი აჩვენა. მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პროცესი იყოს პოზიტიურად მართვადი. სინქრონში მუშაობს ყველა უწყება. პრემიერის ხელმძღვანელობით ყოველდღე და ზოგჯერ დღეში რამდენჯერმეც იკრიბება საკოორდინაციო საბჭო. კეთდება ეპიდვითარების საერთო ანალიზი, იხილება ყველა შესაძლო სცენარი, მუშავდება სამოქმედო გეგმა, ფართოვდება საკარანტინო ზონა. კლინიკების გამოთავისუფლება ეტაპობრივად მიმდინარეობს, რათა საჭიროების შემთხვევაში ვირუსით ინფიცირებულმა პაციენტებმა იზოლირებულად გაიარონ მკურნალობა. მიმდინარეობს სამედიცინო მომსახურებისათვის სჭირო მასალებისა და მედიკამენტების რამდენიმეთვიანი მარაგების მობილიზება. კონტროლდება სახელმწიფო საზღვარი, რომელიც პრაქტიკულად დახურულია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ეკონომიკური გუნდი მუშაობს, რომ მნიშვნელოვანი ზიანი არ მიიღონ როგორც მოქალაქეებმა, ისე ბიზნესმა.

რომან კაკულია: მინდა მივმართო ყველა ბიზნესმენს, რომელიც საცალო ქსელებთან არიან დაკავშირებული, რათა გარკვეული მარაგების რეალიზებაში დაწესდეს შიდა კონტროლი. ეს შეზღუდვა შეიძლება ბიზნესმა თვითონვე გააკეთოს. ასევე, მინდა ყველას ვუთხრა, რომ თქვენ, ვინც ბიზნესს აკეთებთ, ქვეყნის გარდა, ცხადია, ფიქრობთ თქვენი შვილების მომავალზე. მე ეს მესმის, მაგრამ შვილებს ფინანსური რესურსების დატოვების გარდა, სამომავლოდ, ყველაზე მეტად, საქართველოში თქვენი კარგი სახელის დატოვება სჭირდება. ყველა იმახსოვრებს იმ ადამიანს, რომელიც საერთო გამოწვევებზე საკუთარი კეთილდღეობის აგებას ცდილობს, ამიტომ ნურავინ ჩაეწერებით ამ სიაში. ყველას მივმართავ, ვინც ახლა ცდილობთ, რომ მხოლოდ საკუთარი შემოსავლები დააყენოთ პირველ ადგილზე. ვინც ახლა ეკონომიკაზე ზემოქმედებს, კერძო თუ სახელმწიფო სექტორი, მათი წვლილი არის ძალიან დიდი. მე ვთხოვ ყველას, რომ პასუხისმგებლიანად მიუდგნენ ამ ნიუანსს,

დავით ჭიჭინაძე: ირაკლი კოვზანაძეს მივმართავ პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოვიწვიოთ. მაინტერესებს როდის განგვიმარტავენ ისინი იმ გაუგებარ ციფრებს, როდესაც კრედიტები გაცილებით მეტია გაცემული, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკაში ფული არსებობს. ამ ქვეყანაში ხალხს აძლევენ იმ ფულს, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. დღეს ამ არარსებულ ფულზე უნდათ კიდევ პროცენტები დაარიცხონ. ახალი ინიციატივა, რომელიც წამოსულია ბანკების მიერ არ გულისხმობს ფორსმაჟორულ სიტუაციას და პროცენტების შეჩერებას, ის მათ გადავადებას გულისხმობს, ამ სამთვიანი გადაუხდელი სესხების აკუმულირებას და თავიდან პროცენტის დარიცხვას ძირ თანხაზე.

ბექა ნაცვლიშვილი: კორონავირუსის კრიზისმა ჩვენ უნდა გვასწავლოს ერთი გაკვეთილი, ჩვენ უნდა დავიწყოთ ნელ-ნელა სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემაზე გადასვლა. სანამ ჯანდაცვა იქნება ბიზნესი და ყველა კლინიკა ორიენტირებული იქნება მოგებაზე, მანამდე ჩვენ სამედიცინო პერსონალის – ექიმების და ექთნების ღირსეულ ცხოვრებას ვერ უზრუნველვყოფთ და ეს მძიმედ დააწვება ჩვენი ჯანდაცვის სისტემას. სახელმწიფომ დღესვე უნდა დაიწყოს ფიქრი იმაზე, რომ შეიქმნას მუნიციპალური საავადმყოფოები, რომ ბიუჯეტის ფულით ბიზნესი არ ფინანსდებოდეს. ღირსეული ჯანდაცვა არ უნდა იყოს ერთეულების ფუფუნება.

კობა ნარჩემაშვილი: მნიშვნელოვანია ეკონომიკური გამოწვევები, თუმცა ვფიქრობ, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში სამედიცინო კომპონენტი, ეპიდემიოლოგიური კომპონენტი უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ამიტომ მე ვუერთდები მოწოდებას, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს – ადამიანებმა მეტი სიფრთხილე, მეტი თვითიზოლაცია და მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ. ახლა მიდის კამპანია, თითქოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება რაღაც კატასტროფას ნიშნავს, მინდა გითხრათ, რომ ასეთი ვითარებისთვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოგონებულია ადამიანის მიერ და კონსტიტუციურად გარანტირებულია. თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იქნება უაღრესად ადეკვატური ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან და ჩვენი ფრაქცია ამას მხარს დაუჭერს.

გედევან ფოფხაძე: დღეს შექმნილი ვითარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ძლიერი სახელმწიფოს და ძლიერი ინსტიტუტების მნიშვნელობას. საქართველოს უახლოეს წარსულში ეს ცოტა დავიწყებული იყო იმიტომ, რომ ან ზედმეტი ლიბერალიზმის თეზისებით ან ვიღაცის კერძო ინტერესების გამო, სახელმწიფო არ იყო საჯარო ინტერესის სამსახურში. დღეს ჩვენ ვკეტავთ საზღვრებს, ჩვენი ქვეყნის შვილებს ისევ უკან ვეძახით, რომ მათ აქ მონახონ თავშესაფარი და ისევ სახელმწიფო ინსტიტუტებით ვცდილობთ ჩვენი ერის დაცვას. აი, ეს განცდა ჩვენ მარტო გაჭირვების ჟამს კი არ უნდა გვქონდეს, მთლიანად უნდა სდევდეს პოლიტიკურ პროცესს. სხვანაირი მიდგომა და პრიორიტეტები ანგრევს სახელმწიფოს მნიშვნელობას. თუ მაინც და მაინც განსაცდელი და გამოცდა იყო საჭირო ამის გასახსენებლად, დაე, ეს განსაცდელი ამ კუთხით გამოვიყენოთ და იმაზე ვიფიქროთ, რომ საქართველოს იქით ამ ქვეყნის შვილებს სხვა მზრუნველი და პატრონი არ ჰყავს. იმის უფლება არ გვაქვს, რომ სახელმწიფო რესურსი ვიღაცას თავისი ამბიციების დასაკმაყოფილებლად გამოვაყენებინოთ. ეს ყველაფერი უნდა მოხმარდეს ჩვენს ხალხსა და ქვეყანას.

ეკა ბესელია: ეს ვითარება არავის გვაძლევს უფლებას ნაჩქარევად და პროცედურული სტანდარტების დაუცველად მოხდეს საკითხის განხილვა, რომელმაც ბევრ წელს უნდა გაუძლოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას. არ შეიძლება რეგლამენტი დაარღვიო და ნაჩქარევად განიხილო ისეთი საკითხი, რომელზეც დამოკიდებულია სახელისუფლებო ერთი დიდი შტოს რეპუტაცია, მისი ავტორიტეტი და სახელმწიფოს მათ შორის, მდგრადობა და უსაფრთხოების თემა. სასამართლო დღეს ფორს-მაჟორში არ იმყოფება. არავითარი კოლაფსი სასამართლოს არ აქვს. ჩემი შემოთავაზებაა გადავდოთ ამ საკითხის განხილვა.

ლევან გოგიჩაიშვილი: გვესმის, რომ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა და გვესმის, რომ რაღაც საკითხებზე ისეთი ოპონირების გაწევა არ არის სწორი, მაგრამ რამდენად გესმით თქვენ ეს? ამ სიტუაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას აპარებთ და მგონია, რომ ეს არაეთიკურია. შეგვეძლო ეს საკითხი დროში გადაგვედო და სხვაგვარად გაგვეკეთებინა იმიტომ, რომ არასათანადოდ იყო ოპონირება, არასათანადოდ იყო მსჯელობა. რაღაც საკითხები შეიძლება გადავდოთ იმ დროისთვის, როცა ნორმალურ პოლიტიკურ სივრცეში დავბრუნდებით. გადავდოთ ისეთი კანონპროექტების განხილვა/კენჭისყრა, რომელიც ითხოვს კამათსაც და არგუმენტირებულ საუბარსაც, ხოლო რა საკითხებიც ამ სიტუაციისთვის არის აუცილებელი, მზად ვართ, ყველაფერში მხარი დაგიჭიროთ.

მარიამ ჯაში: დღეს საქართველო 150 ქვეყანასთან ერთად ებრძვის კორონავირუსის გლობალურ პანდემიას და მადლობას გადავუხდი ამ ბრძოლის პირველ ხაზზე მდგომ ყველა ადამიანს. ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის გლობალური საპარლამენტო კავშირის სახელით, მინდა დაგიდასტუროთ რომ საქართველო ატარებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს კორონავირუსის შემთხვევათა კლასტერული გავრცელების დონისთვის. მისასალმებელია, რომ საჰაერო სივრცე დაიკეტა და ასევე, თუკი მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ჩვენი ფრაქცია მზად არის გავიზიაროთ აღნიშნული პოზიცია. ასევე ვუდასტურებთ თანამშრომლობის მზაობას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და მინდა გავაჟღერო მთავარი რეკომენდაცია, რომლის გარშემოც ჩვენ გვჭირდება დამატებითი, უფრო ფართომასშტაბიანი მსჯელობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გააჟღერა მთავარი გზავნილი, რომელიც იყო რაც შეიძლება მეტი ტესტირების ჩატარება კორონავირუსის დროული დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის. ჩვენი ფრაქციის მთავარი რეკომენდაციაა მსჯელობა უფრო მასშტაბურ ტესტირებაზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ჩვენს მოსახლეობაში.

ემზარ კვიციანი: 1993 წლის 16-17 მარტს ჩვენმა მოწინააღმდეგემ სოხუმზე განახორციელა ძლიერი თავდასხმა, რომელიც ჩვენმა გმირებმა მოიგერიეს. დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ გმირების ხსოვნას.

ალექსანდრე ერქვანია: დღეს პოლიტიკური კინკლაობის, ურთიერთბრალდებების და ერთმანეთის დადანაშაულების დრო არ არის. სამწუხაროდ, ზოგიერთები ცდილობენ საზოგადოებაში პანიკისა და შიშის დათესვას, თითქოს სურთ ქვეყანაში სიტუაციის გართულება. ჩასაფრებულ პოზიციაში არიან მთავრობის მიმართ, რაც ამ სიტუაციაში უღირსი საქციელია. მინდა მივმართო მთავრობას ტაძრებს დაუბრუნონ მუზეუმებში დაცული ანჩისხატის, აწყურის ღვთისმშობლისა და სხვა სასწაულმოქმედი ხატები. ამ განსაცდელის დროს გვჭირდება მათი განსაკუთრებული შემწეობა და მფარველობა. სასწრაფოდ უნდა მოხდეს მუზეუმებიდან ტაძრებში ხატების გადაბრძანება.

რატი იონათამიშვილი: სახელმწიფოს სიძლიერე და პიროვნული სიძლიერე ყველაზე მეტად ჩნდება მაშინ, როდესაც დგება კრიზისული სიტუაციები, თუ როგორ ვართმევთ თავს ამ კრიზისულ ვითარებას. ვთანხმდებით ყველა, რომ საქართველომ ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე შედეგი დადო არა მხოლოდ რეგიონის არამედ, საერთაშორისო საზოგადოების მასშტაბით, რაც მისასალმებელია. ჩვენ თუ არ ვისწავლეთ დაფასება და შეფასება ისე პროგრესს ვერ განვიცდით. ფასდაუდებელია პირველ რიგში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის როგორც ხელმძღვანელობის ასევე, თანამშრომელთა მუშაობა, ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელთა მუშაობა, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, ჩვენს სამედიცინო პერსონალს, ექიმებს, ექთნებს, მედია მენეჯერებს. ასევე, მნიშვნელოვანი არის პოლიციის თანამშრომლების, მესაზღვრეების მუშაობა. უნდა გამოვყო მაღალი რისკის ქვეყნებში ჩვენი ელჩების და საელჩოს თანამშრომლობის მუშაობა. განსაკუთრებული მადლობა ჯანდაცვის მთავრობას პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ასეთ სიტუაციებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახალგაზრდების და მოხალისეების აქტიურობა და წვლილი.

ლევან კობერიძე: იმედი მაქვს ჯანდაცვის სამინისტრო, მთავრობა პირველ რიგში აქცენტირებას გააკეთებს ტესტირების თემაზე. ის რაც კეთდება მისასალმებელია. სოციალური დისტანცირება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა რაც საზოგადოებამ უნდა გაითავისოს. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად და პირველ რიგში სასწრაფოდ გასაკეთებელია პროგრამა ტესტირებებთან დაკავშირებით.

პარლამენტის წევრთა განცხადებების დასრულების შემდეგ, დეპუტატებმა სხდომაზე, კანონშემოქმედებითი საქმიანობა განაგრძეს.
პარლამენტმა 114 ხმით, მხარი დაუჭირა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს. დადგენილების პროექტის მიხედვით, აღნიშნული კომისია 9 წევრისგან შედგება და ესენი არიან:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარე) – არჩილ თალაკვაძე; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი – მამუკა მდინარაძე; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – ირმა ინაშვილი; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სერგი კაპანაძე; ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე – მარიამ ჯაში; საქართველოს პარლამენტის წევრი, ირაკლი კობახიძე; საქართველოს პარლამენტის წევრი – თინათინ ბოკუჩავა; პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი – თენგიზ შარმანაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი, კომისიის მდივანი – თორნიკე ჭეიშვილი.

„პოლიტიკურ სპექტრთან შეთანხმება შედგა საერთაშორისო საზოგადოების შუამდგომლობით. დღეს არსებული გლობალური გამოწვევიდან გამომდინარე, კომისიას განხილვისას, მოუწევს ტექნიკური საშუალებების გამოყენება. ერთი მხრივ, ჩვენ არ უნდა გავუშვათ ეს ვადა და მეორე მხრივ, უნდა შევასრულოთ მსოფლიო ჯანდაცვის საერთაშირისო ორგანიზაციის და ჩვენი მთავრობის მითითებები იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება დავიცვათ“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა. გადაწყვეტილება პარლამენტმა, 82 ხმით, ერთხმად მიიღო, როდესაც „ნინო ქადაგიძის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის დამტკიცების შემდეგ სხდომათა დარბაზში საქართველოს ჰიმნი შესრულდა. პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ახლადარჩეულ თავმჯდომარეს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და მას წარმატება უსურვა. პარლამენტმა 84 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი „თეა ჭეიშვილის საპროკურორო წევრად არჩევის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს. დეპუტატებმა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრად იოსებ ვარძელაშვილის არჩევის საკითხს მხარი 82 ხმით, ერთხმად დაუჭირეს. პლენარულ სხდომაზე I მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილეს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წარადგინა. კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმების შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №2/12/1237 განჩინებასთან. კანონის პროექტი აწესრიგებს გამოძიების ეტაპზე გამოსაკითხი პირის დაცვის მხარის მიერ მოწმედ დაკითხვის უფლებასთან დაკავშირებულ საკითხს.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტით, არასრულწლოვნის გამოკითხვისას და დაკითხვისას მოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესი, მაგრამ არ გაითვალისწინება ის დანაწესი, რომელიც უშვებს გამოძიების ეტაპზე დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე პირის მოწმედ დაკითხვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაციის შესაძლო ფლობის ფაქტი და ეს პირი უარს აცხადებს გამოკითხვაზე, ამასთანავე, გამოძიების ეტაპზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ამ პირის დაკითხვა დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანია.

სხდომაზე ასევე, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით განიხილეს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის თანახმად, სპეციალიზებულ დეპოზიტარს ეკრძალება განახორციელოს დაგროვებით საპენსიო სქემასთან, საპენსიო სააგენტოსთან ან/და აქტივების მმართველ კომპანიასთან დაკავშირებით ისეთი საქმიანობა, რომელმაც შეიძლება წარმოქმნას ინტერესთა კონფლიქტი, ერთი მხრივ, სპეციალიზებულ დეპოზიტარს და, მეორე მხრივ, დაგროვებით საპენსიო სქემას, საპენსიო სააგენტოს ან აქტივების მმართველ კომპანიას შორის. გარდა ამისა, დაზუსტდა დეპოზიტარის ქონებაში საპენსიო აქტივების ინვესტირებისა და საპენსიო აქტივების გასხვისებასთან დაკავშირებული შესაბამისი საკითხები.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა წარადგინა. კანონის პროექტის თანახმად, 2014 წლის 1 იანვრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებულ/რეორგანიზებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცეთ, 2026–2027 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელონ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა/სკოლებმა, და მიიღონ ამ კანონით გათვალისწინებული დაფინანსება. 2026–2027 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ეტაპობრივი ავტორიზაცია.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მიეცემა კულტურის სფეროში პროექტების ხელშეწყობის მიზნით გრანტების გაცემის შესაძლებლობა. აღნიშნული საკითხი სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს. სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილეს „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც განსაზღვრავს პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლის ახალ ფართობებსა და კოორდინატებს. პარლამენტის წევრებმა პირველი მოსმენით განიხილეს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0