პარლამენტის სამი კომიტეტის ერთობლივი თემატური მოკვლევის ჯგუფმა მორიგი შეხვედრა გამართა

10/02/2023

აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივი თემატური მოკვლევის – „ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით“ ფარგლებში მეორე ზეპირი მოსმენა გაიმართა. აღნიშნული თემატური მოკვლევის მიზანია აგრარულ და გარემოსდაცვით სფეროში დეფიციტური პროფესიების იდენტიფიცირება და აღნიშნული დეფიციტის გამომწვევი მიზეზების შესწავლა. შეხვედრაზე, რომელსაც სამუშაო ჯგუფის მთავარი მომხსენებელი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი უძღვებოდა, ამჯერად დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს მოუსმინეს.

„გადაულახავ პრობლემად გვექცა ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიების მიმართულებით დეფიციტი, რაც მრავალი მიზეზით არის განპირობებული. ის სფეროები და დარგები, სადაც საქართველოს დიდი ტრადიციები ჰქონდა, ფაქტობრივად განადგურებულია, ბევრ პროფესიებში თაობების ცვლა შეფერხებულია. აღარ ხდება ცოდნის გადაცემა ბევრი მიმართულებით და ეს პრობლემა თუ დროზე არ გადავჭერით, გაგვიჭირდება ვიყოთ კონკურენტუნარიანი“, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა თემატური მოკვლევის მიზანსა და არსებული პრობლემის გადაჭრის მნიშვნელობაზე საუბრისას.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, პარლამენტის სამმა კომიტეტმა გადაწყვიტა ერთობლივად ეზრუნა ამ პრობლემის მოგვარებაზე და ჩაეტარებინა თემატური მოკვლევა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით დეფიციტურ პროფესიებთან დაკავშირებით ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობაზე. ბიზნესასოციაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში ისაუბრეს აგრარულ და გარემოსდაცვით სფეროებში მნიშვნელოვანი პროფესიების დეფიციტზე და იმ ძირითად მიგნებებზე, რომელმაც საბოლოოდ ხელი უნდა შეუწყოს დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0