პარლამენტის 2018 წლის საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი უძღვებოდა. თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის სახელით სამძიმარი გამოუცხადა ორი მოწვევის პარლამენტის წევრის, ფრიდონ საყვარელიძის ოჯახს. ყოფილი დეპუტატი ამ დღეებში მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შოთა ხაბარელმა თავისი გამოსვლა ქართველი სპორტსმენებისა და ქართული სპორტის წარმატებებს დაუთმო და იმედი გამოთქვა, რომ ისინი მომავალშიც ასახელებენ ქვეყანას. მან განსაკუთრებით აღნიშნა ლევან გორგოძე – ტოჩინოშინის წარმატება, რომელმაც სულ ახლახან იაპონიის იმპერატორის თასი მოიპოვა.
შოთა ხაბარელის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ სპორტის ინფრასტრუქტურა ბოლო წლებში განსაკუთრებით ვითარდება და ეს პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა. ამის ერთ-ერთი მაგალითია ახლახან გორში გახსნილი მულტიფუნქციური დარბაზი, ანალოგიური დარბაზების მშენებლობა ბათუმსა და თელავში, მოქალაქეთა სულ უფრო მეტი ჩართულობა სპორტში, საქართველოში გამართული თუ დაგეგმილი არაერთი საერთაშორისო სპორტული ღონისძიება, ასევე ჩვენი ქვეყნის განაცხადი მომავალში ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობის შესახებ. პარლამენტარის განცხადებით, სპორტი ერთ-ერთი ის მიმართულებაა, რომელიც წარმოაჩენს საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყანას.
პარლამენტის წევრთა განცხადებები არაერთ აქტუალურ საკითხს დაეთმო, მათ შორის, მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“, რომელიც პარლამენტის წევრ ბექა ოდიშარიას განცხადებით, მეტად მნიშვნელოვანია და იგი უდავოდ ხელს შეუწყობს რეზერვის მოქნილი სისტემის ჩამოყალიბებას, უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობას ქვეყნის თავდაცვაში.
აღსანიშნავი ფაქტია, რომ მსოფლიო მოწინავე კვლევითი ცენტრის “მემკვიდრეობის ფონდის“ შეფასების თანახმად, საქართველო სასამართლოს სისტემა ეფექტიანობის კუთხით შეფასდა და ჩვენმა სასამართლო სისტემამ ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაიკავა ადგილი. ამ საკითხს დაუთმო თავისი გამოსვლა პარლამენტის წევრმა ანრი ოხანაშვილმა და განაცხადა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს ნიშნავს იმ მემკვიდრეობის ფონზე, რაც სასამართლოს სისტემას ხვდა.
“აღნიშნული ორგანიზაცია კვლევის პროცესში ხელმძღვანელობდა შემდეგი კრიტერიუმებით: სასამართლოს დამოუკიდებლობა, სასამართლო წარმოების ხარისხი, სასამართლოში საქმის მოგების ალბათობა. ამ სამივე კრიტერიუმის შეფასებით, კვლევითმა ცენტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირმა ინაშვილმა ხელისუფლებას მიმართა, ერთობლივად შეიმუშაონ სიღარიბის დაძლევის ეროვნული პროგრამა, ვინაიდან, მისი თქმით, დღეს ქვეყანაში არიან მოქალაქეები, რომელთაც ნამდვილად უჭირს და მათ დახმარება ესაჭიროებათ.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთა განცხადებები დაეთმო მთავრობაზე საპარლამენტო კონტროლის გააქტიურების აუცილებლობას, კრიმინოგენულ ვითარებას, ზუგდიდში გარემოვაჭრეთა პრობლემებს. პარლამენტარ სერგო რატიანის განცხადებით, დღემდე გადაუჭრელი რჩება სერტიფიცირებულ მასწავლებელთა ხელფასის საკითხი. იგი ასევე შეეხო იმ სტუდენტების პრობლემებს, რომელთაც სხვადასხვა მიზეზთა გამო სტუდენტის სტატუსი დაკარგეს.
ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სრული შემადგენლობისთვის უნდობლობის გამოცხადების და კანონით დადგენილი შესაბამისი პროცედურების დაწყების ინიციატივით მიმართა.
მან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში საბიუჯეტო პროცესი მოშლილია, რაც კანონის გათვალისწინებით, სამეურვეო საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადების საფუძველი შეიძლება გახდეს.
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი. „ხვალ, 8 თებერვალს, ხდება 100 წლის იუბილე უნივერსიტეტისა, რომელიც მთელი საქართველოს საგანძურია. ძალიან მძიმე პერიოდში დიდი ძალისხმევით შეიქმნა, რომ საქართველოს განვითარების საფუძველი გამხდარიყო. იმედია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ ფუნქციას დაიბრუნებს“, – განაცხადა პარლამენტარმა.
პარლამენტის წევრმა სალომე ზურაბიშვილმა მოახლოებულ მნიშვნელოვან თარიღზე – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ თარიღის აღსანიშნავად განსაკუთრებული ღონისძიებებია განსახორციელებელი.
ოპოზიციის წარმომადგენელთა გამოსვლების საპასუხოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ უპასუხისმგებლობაა ისეთი განცხადებების კეთდება, რომელიც პირდაპირ ააშკარავებს ძალიან მიზანმიმართულ და გააზრებულ შეტევას ისეთი ინსტიტუტების მიმართ, რომელთა სიმყარეზე არის დამოკიდებული ქვეყნის დემოკრატიაც და ჩვენი მოქალაქეების ბედიც.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ეთერ სვიანაიძეს პარლამენტში მოღვაწეობის 50 წლის იუბილე საჯაროდ მიულოცეს.
„პარლამენტს ჰყავს თავის ჩემპიონები, მათ შორის, პარლამენტის აპარატში. გუშინ 50 წელი გახდა, რაც ქალბატონი ეთერ სვიანაიძე საქართველოს პარლამენტს ემსახურება. მე მინდა მივულოცო მას. მას ყველა ტიპის ორდენი და ყველა ტიპის ჯილდო აქვს. არ არის მარტივი, როდესაც 50 წელი ემსახურები ინსტიტუტს, სახელმწიფოს, საჯარო ინტერესს და მე მინდა მას და მისი სახით ყველა იმ ადამიანს მივულოცო, ვინც ასე ერთგულად ემსახურება საჯარო ინტერესს. ყველა თქვენთაგანის სახელით ვულოცავ მას და ჩვენს თავსაც, ვისაც გვყავს ასეთი ღირსეული ქალბატონი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
საიუბილეო თარიღი პარლამენტის აპარატის ღვაწლმოსილ თანამშრომელს ასევე მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა და გაწეული შრომისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა შევუერთდე ამ მადლობებს ქალბატონი ეთერ სვიანაიძის მიმართ, იმ შრომისა და თავდადებისთვის, რომელიც მან ათწლეულების განმავლობაში ჩადო საქართველოს პარლამენტში და ქალბატონი ეთერის სახით მადლობა ვუთხრა ყველა იმ თანამშრომელს, ვისზეც წლების და ათწლეულების განმავლობაში იდგა ეს ინსტიტუტი. ძალიან დიდი მადლობა თქვენი თავდადებისთვის“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა
პარლამენტმა, განცხადებების შემდეგ, საკანონმდებლო საქმიანობა გააგრძელა.
კანონმდებლებმა პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ და მისი თანმდევი კანონპროექტები. პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტი პრინციპების დონეზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა წარადგინა. მისი თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვის ორგანიზებისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის წესს არეგულირებს.
მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, სამხედრო სარეზერვო სამსახური იყოფა ორ ძირითად სახედ: აქტიურ სარეზერვო სამსახურად და სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურად. ამასთან, აქტიური სარეზერვო სამსახური შედგება: შეიარაღებული ძალების რეზერვისგან, ტერიტორიული რეზერვისგან და სპეციალისტთა რეზერვისგან.
კანონპროექტით განისაზღვრება აქტიური სარეზერვო სამსახურისა და სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლის პირობები, რეზერვის დაკომპლექტების წესი, შესაბამის პირთა ზღვრული ასაკი, სამობილიზაციო რეზერვის მართვის სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები; დგინდება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები (დელეგირებული უფლებამოსილებები) ამ სფეროში; გათვალისწინებულია სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადების საკითხი.
თანამომხსენებლის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, ეს ინიციატივა წარმოადგენს თავდაცვისუნარიანობისთვის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს და მის მიმართ არავის გააჩნია პოლიტიკური ინტერესები. კანონპროექტი მრავალი მხარის, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით შემუშავდა.
„ტოტალური თავდაცვის კონცეფციაშია ჩვენი გადარჩენის გასაღები. რეზერვი, როგორც თავდაცვისუნარიანობის პრევენციული ღონისძიება, ამ ქვეყანას ძალიან სჭირდება. გვინდა მშვიდობა და სარეზერვო სისტემა, ჩვენი თანამემამულეების მომზადება მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
კანონპროექტს „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ პრინციპების დონეზე მხარს უჭერს ოპოზიციაც, თუმცა მათი განცხადებით, არის საკითხები, რომლებიც უფრო მეტ გამჭვირვალობას საჭიროებს.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ შემდგომი თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვა. მან ასევე პირველი მოსმენით განსახილველად წარადგინა თანმდევი კანონპროექტები: „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“.
პარლამენტმა დღესვე მეორე მოსმენით – მუხლობრივად განიხილა კანონპროექტები:
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი კანონპროექტი „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“;
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“;
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და თანმდევი კანონპროექტი „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ პირველი მოსმენით განსახილველად წარადგინა კანონპროექტი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და დეპუტატებს პრინციპები გააცნო.
წარმოდგენილი კანონპროექტით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემასთან ერთად 2018 წლის 1 სექტემბრამდე იმოქმედებს აღნიშნული სისტემის ამოქმედებამდე არსებული საქმისწარმოების წესები. კანონპროექტის მიმართ შენიშვნები არავის ჰქონდა. თანამომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ კომიტეტი კანონპროექტს პრინციპების დონეზე მხარს უჭერს.
პარლამენტმა განხილულ კანონპროექტებს კენჭი უყარა. ამით, პარლამენტმა დღეს განსახილველი საკითხების ნუსხა ამოწურა და პლენარული სხდომა დახურულად გამოცხადდა.
სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს უნივერსიტეტის საუკუნოვანი იუბილე მიულოცა.
„წელს ჩვენ აღვნიშნავთ ძალიან მნიშვნელოვან თარიღს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს. ჩემთვის, როგორც ამ უნივერსიტეტის ერთ-ერთი კურსდამთავრებულისთვის, ეს უნივერსიტეტი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, განუზომელია მისი წვლილი ქვეყნის წინაშე განათლების კუთხით. მსურს მივულოცო მათ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი და ვუსურვო კიდევ მრავალი მომავალი თაობის აღზრდაში ფასდაუდებელი წვლილის შეტანა. დიდი მადლობა მათ და ყველა კურსდამთავრებულს!“ , – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.