პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილების თანახმად, კომიტეტების სხდომების ოქმები და აუდიო ჩანაწერები პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება

15/11/2021

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა სხდომაზე განიხილა კანონპროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“. პროექტის მიხედვით კომიტეტის სხდომის დასრულებიდან 14 დღის ვადაში პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება კომიტეტის სხდომის ოქმი და აუდიო ჩანაწერი. პარლამენტის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ცვლილებები ხორციელდება ღია მმართველობის პრინციპებიდან გამომდინარე, რაც კომიტეტებისა და პარლამენტის სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში სიახლეებს გულისხმობს და მეტი ჩართულობისთვის არის გამიზნული. კერძოდ, ცვლილებით ამაღლდება პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობა, ღიაობა და გამჭვირვალობა. ასევე, გაუმჯობესდება ამ საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მექანიზმები, რაც ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმიდან გამომდინარეობს. ცვლილების ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, გივი მიქანაძე, გიორგი ამილახვარი, ირაკლი ზარქუა, ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი და ხატია წილოსანი. განხილვის პროცესში დეპუტატების მხრიდან გამოითქვა შენიშვნები, რომელთა გათვალისწინებითაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა პირველი მოსმენით კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0