დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი გამოიტანა მეორე მოსმენით განსახილველად რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ, რომლის განმარტებითაც კანონპროექტით განისაზღვრება, რომ მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებებს განეკუთვნება 2019 წლის 3 ივნისამდე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების, იერარქიულად ქვემდგომი ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცება, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირება და მათში ცვლილებების შეტანა. მომხსენებლის თქმით, პირველი მოსმენის შემდეგ რამდენიმე ტექნიკური ხასიათის ცვლილება განხორციელდა პროექტში. წარმოდგენილი კანონპროექტი პარლამენტმა მუხლობრივად გაიარა. კანონპროექტი „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენით განსახილველად თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა წარმოადგინა. დოკუმენტის თანახმად კანონით გათვალისწინებული, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისთვის წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურები, აგრეთვე გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით. მომხსენებელმა თანმდევი კანონპროექტებიც წარმოადგინა: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლებშიც ასევე შესაბამისი ცვლილებები აისახა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა III მოსმენით წარმოადგინა კანონპროექტი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“.
ცვლილების მიხედვით, „სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება IV¹ თავი, რომელშიც განსაზღვრულია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სტატუსი, მითითებულია საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები და ამავდროულად გათვალისწინებულია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს უფლებამოსილებების და მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების დეტალური ჩამონათვალი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა დავით გაბაიძემ წარმოადგინა.
პროექტით ზუსტდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოსთან დაკავშირებული კონკრეტული ურთიერთობები. ამასთან, იმ საზოგადოებაში, რომელშიც აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები ფლობს ხმათა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო.
ხოლო სამეთვალყურეო საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენელი შესაძლებელია იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას კონკრეტულ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ლიკვიდაციის წესს ამტკიცებს რესპუბლიკების ეკონომიკის სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი მინისტრები. სხდომაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა „ენერგოეფექტურობის შესახებ“ ორი კანონპროექტი გამოიტანა პირველი მოსმენით.
პირველი კანონპროექტი არეგულირებს შენობების ენერგოეფექტიანობის გამოთვლის ეროვნულ მეთოდოლოგიასთან, ენერგოეფექტიანობის მინიმალურ მოთხოვნებთან, შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემებთან, შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირებასთან, შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირებასთან, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ შემოწმებასთან და საინფორმაციო და წამახალისებელ ფინანსურ ღონისძიებებთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე, კანონპროექტით წესრიგდება შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირების განუხორციელებლობასთან, შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატის წარდგენის ანდა გადაცემის წესების დარღვევასთან, დამოუკიდებელი ექსპერტების პასუხისმგებლობასთან და ჯარიმის დაკისრებისა და გადახდის წესთან დაკავშირებული საკითხები.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომლის მეშვეობითაც სამომავლოდ სულ სხვა ხარისხის სამშენებლო სექტორს მივიღებთ.
მან ის არგუმენტები წარმოადგინა, რის გამოც დაუჭირა კომიტეტმა მხარი განხილულ კანონპროექტებს და განაცხადა, – „ჩვენ სანამ მთლიანობაში არ დავინახეთ ეს კანონპროექტი მანამდე არ განვიხილეთ, იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადი ხედვები თანხვედრაში უნდა ყოფილიყო. ჩვენც ბევრი შეკითხვა გვქონდა, მთავარი შეკითხვა კი ის იყო, რაც კერძო სექტორიდან მოდიოდა, მოხდებოდა თუ არა შენობების გაძვირება. კვლევა გააკეთა ეკონომიკის სამინისტრომ, სადაც ითქვა, რომ 5-დან 10%-მდე შესაძლებელია ეს მოხდეს. თუმცა, ბოლო დროს კომენტარები, როდესაც მესმის ამ საკითხთან დაკავშირებით, მოხარული ვარ, რომ აქცენტი კეთდება კონკურენტუნარიანობაზე, მაღალ ტექნოლოგიებზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე და მთლიანად სექტორის გაჯანსაღებაზე. სამომავლოდ სულ სხვა ხარისხის სამშენებლო სექტორს მივიღებთ, ამიტომ ეს გამოწვევები ჩემი აზრით ადვილად იქნება დაძლეული და გარდა იმისა, რომ ევროკავშირის ვალდებულებაცაა, ჩვენი სექტორის განვითარებისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს კანონი“, – განაცხადა წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარემ.
მეორე კანონპროექტი „ენერგოეფექტურობის შესახებ“ განსაზღვრავს საჯარო ორგანოების, ასევე კერძო დაწესებულებების, საყოფაცხოვრებო სექტორის, ენერგეტიკული მომსახურების მიმწოდებლების, მრეწველობისა და ეკონომიკის სხვა სექტორის ვალდებულებებს ენერგომომსახურების ბაზრის განვითარების პროცესში. შენობებში და მრეწველობაში, ენერგოეფექტურობის პოლიტიკასთან, ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორებში ენერგოეფექტურობასთან და კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები. ამის შემდეგ პარლამენტში განხილული საკითხების კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის დაწყებამდე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ პარლამენტს მიმართა „საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის დაბრუნების თობაზე.
პარლამენტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი შესაბამის დადგენილების პროექტს. ამის შემდეგ პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებმა გასული წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის ანგარიშები წარადგინეს. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ მოკლედ აღწერა 2019 წლის განმავლობაში გაწეული საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობა. ისაუბრა განხილული კანონპროექტების და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ. კომიტეტის მიერ ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლისა და ანგარიშების მოსმენის თაობაზე. ასევე, კომიტეტის მიერ მიღებული კანონპროექტების შესრულებაზე და ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით ჩატარებული აქტივობების შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა კომიტეტის ფარგლებში ჩატარებულ თემატურ მოკვლევაზე და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის წარმოდგენისას, იმ აქტივობებზე ისაუბრა რაც მან საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით განახორციელა. ესაა კანონშემოქმედებითი საქმიანობა, თანამდებობის პირთა განწესებასთან დაკავშირებული საქმიანობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობის განხორციელება და დაინტერესებული პირების წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება. მის მოხსენებას თან ერთვოდა სტატისტიკური მონაცემები.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, -„საანგარიშო პერიოდში კომიტეტის აპარატი ეფექტიან კომუნიკაციაში იყო საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტთან ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID /PROLOG), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანულ ფონდთან (IRZ) და გაეროს განვითარების 20 პროგრამასთან (UNDP), რომლებთან ერთადაც არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა. აღნიშნული სიახლეების შედეგად, კიდევ უფრო გაიზარდა კომიტეტის აპარატის ეფექტიანობა, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახა კომიტეტის საერთო საქმიანობაზე“.
პარლამენტის წევრმა, ირინა ფრუიძემ საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა წარმოადგინა „სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტებისა და პრაქტიკების“ შესახებ. მისი თქმით, თემატური მოკვლევის საგანს წარმოადგენდა ცენტრალური აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში თანამონაწილეობით საწყისებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების პროცესი, რომლის მიზანს წარმოადგენს სამინისტროებისა და მთავრობის ადმინისტრაციის მიერ პოლიტიკის შემუშავების პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის პრაქტიკისა და რეგულაციების შესწავლა, არსებული საკანონდებლო და პრაქტიკული ხარვეზების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. მომხსენებელმა ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობების და გაცემული რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა.
სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა. ანგარიშში ასახულია ინფორმაცია კომიტეტის სტრატეგიით და 2019 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღოინისძიებების განხორციელების შესახებ. წინამდებარე დოკუმენტი შეიცავს ინფორმაციას კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის, ასევე სამთავრობო, სამოქალაქო და საერთაშორისო სუბიექტებთან თანამშრომლობისა და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ.
მიხეილ ყაველაშვილი თავისი ანგარიშის წარდგენის შემდეგ გამოეხმაურა ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გამონათქვამს ქართველი სპორტსმენების მიმართ და განაცხადა, – „გუშინ ერთ-ერთი გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა კიდევ ერთი შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა ქართული სპორტის მიმართულებით, რომ არ სჭირდება საქართველოს კუნთმაგარი ბიჭები და ეს სულამოცლილი ჩემპიონები. გუშინ შალვა ნათელაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ფული მათ აღარ უნდა მივცეთ. ესაა მოწოდება რომ არ სჭირდებათ მათ ჩემპიონები და რაღაცა გარკვეული მინიშნება აქვს, რომ პირდაპირ მასობრივ სპორტზე გადავრთოთ ეს თანხები. პასუხს გავცემ მას და ვიტყვი, ჩვენი დამოკიდებულებაა, მიუხედავად გაღიზიანებისა და გაბრაზებისა, უნდა ვიყოთ უფრო ძლიერები, რომ მსგავსი გამოხტომებისგან დავიცვათ ჩვენი სასიქადულო სპორტსმენები, ჩემპიონები. ღირსეულად დავიცვათ, ღირსეულად გავცეთ პასუხი დავდგეთ სიმაღლეზე. ჩვენ ეს ვალდებულება გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს დემოკრატიული, უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე რომ ჩვენი მომავალი თაობის ეს განვითარება არ შეჩერდეს. მე რა საკითხებზეც ვისაუბრე ეს არის ფუნდამენტური საკითხები, რომელიც უნდა დაინერგოს, ეს ყოველდღიური თემებია, გამოწვევებია და ჩვენ ამ საკითხებზე ვმუშაობთ“.
მან ქართველი სპორტსმენების მიმართ მხარდასაჭერად განაცხადა – „მინდა იცოდნენ ჩვენმა სპორტსმენებმა, ლაშა ტალახაძიდან დაწყებული ყველა ჩვენმა ძლიერმა სპორტსმენებმა, რომ მათ მთელი საქართველო გულშემატკივრობს და რომ ეს არის ძალიან მცირე დესტრუქციული ჯგუფი. პოლიტიკა რომ არ ესმოდეს ადამიანს, სპორტსმენი რომლითაც მთელი მსოფლიო ამაყობს და მას შეურაცხყოფს, რაღაზე უნდა ისაუბრო“. ვიდრე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საქმიანობის ანგარიშს გამოიტანდა, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გამოეხმაურა ლაშა ტალახაძის მიმართ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ შეურაცხმყოფელ გამონათქვამს, – „თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი უერთდება ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას და მხარდაჭერას. ლაშა ტალახაძე ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილია, წარმატების და გამარჯვების სიმბოლო და ის არის მაგალითი ჩვენი ახალგაზრდებისთვის. აბსოლუტურად მიუღებელია ის უმსგავსო საქციელი და პოლიტიკური ქილიკი, როცა საქმე ეხება მართლაც გამარჯვებულ ჩვენს მოქალაქეს და ჯანსაღი ცხოვრების და ჯანსაღი წესის დამკვიდრების პროპაგანდას“.
ამის შემდეგ მან კომიტეტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო კოლეგებს. მან წლის განმავლობაში განხილული კანონპროექტების მნიშვნელობის თაობაზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა საგარეო და საშინაო პოლიტიკის სფეროში განხორციელებული აქტივობების და საზედამხედველო უფლებამოსილების აღსრულების თაობაზე.
„2019 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიების განმავლობაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევდა საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურის პოლიტიკის, მათ შორის, ამ სფეროებში ინსტიტუციური რეფორმებისა და პროგრამების განსაზღვრასა და განხორციელებას“, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გენადი მარგველაშვილმა კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას. მან დეტალურად ისაუბრა გასული წლის განმავლობაში კომიტეტის მიერ საკანონმდებლო და საზედამხედველო მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ყურადღება გაამახვილა კომიტეტის სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის თაობაზე.
ანგარიშების წარდგენის შემდეგ, კომიტეტების თავმჯდომარეებმა უპასუხეს კოლეგების შეკითხვებს. ამით პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა დასრულდა.