პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებმა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს, შალვა ლომიძეს მოუსმინეს, რომელმაც სამსახურის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში წარადგინა. დაზვერვის სამსახურის უფროსმა, გასული წლის განმავლობაში, სამსახურის ოპერატიული და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
„დაზვერვის სამსახურის უფროსმა საქართველოს და რეგიონული უსაფრთხოების გარემოსა და სამსახურის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა, რაც ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის წინმსწრებად მოპოვებას, ანალიზს, მოვლენების სხვადასხვა სცენარებით შესაძლო განვითარების პროგნოზირებას და საჭირო ინფორმაციით შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღები პირების უზრუნველყოფას მოიცავს. შეხვედრაზე შალვა ლომიძემ ასევე ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რაც საქართველოს წინააღმდეგ საქმიანობაზე, საზიანო გადაწყვეტილებზე და მათი ნეიტრალიზაციის, ხელშეშლის და ნეგატიური გავლენის შემცირების მიზნით იდგმება“, – განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერაიამ.
ნდობის ჯგუფი შექმნილია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში და მის ფუნქციას წარმოადგენს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების საიდუმლო საქმიანობასა და სპეციალურ პროგრამებზე ზედამხედველობა.
ნდობის ჯგუფი, არაუგვიანეს 15 აპრილისა, ისმენს აღნიშნული უწყებების საიდუმლო წლიურ ანგარიშებს, ასევე წლის განმავლობაში მართავს თემატურ მოსმენებს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში შემავალ სხვადასხვა საკითხებზე.