საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის ქუთაისის სასახლის დაუყოვნებლივ რეაბილიტაციის საჭიროებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ვითარება არასახარბიელოა.
„ყველა ხედავთ, რა მდგომარეობაშია პარლამენტის ქუთაისის სასახლის შენობა, მისი მიმდებარე ტერიტორია. ნამდვილად არ არის სახარბიელო ვითარება. წყალი ჩამოდის სამწუხაროდ შენობაში, შესაბამისად, საჭიროა დაუყოვნებლივ შენობის რეაბილიტაცია, მათ შორის, გადახურვის, შუშის კონსტრუქციის რეაბილიტაცია და ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ პარკი, რომელიც პარლამენტის ქუთაისის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა, მოსახლეობას მოემსახურება. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს უნდა გაკეთდეს არა მხოლოდ პარლამენტისთვის, არა მხოლოდ დეპუტატებისთვის და აპარატის თანამშრომლებისთვის, ეს პარკი, რომელიც გაკეთდება მიმდებარე ტერიტორიაზე, მოემსახურება ქუთაისის მოსახლეობას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, რეაბილიტაციას საჭიროებს პარლამენტის თბილისის სასახლის ერთ-ერთი ფლიგელიც.
„პარლამენტის თბილისის სასახლეში არის ერთ-ერთი ფლიგელი, რომელიც საჭიროებს რეაბილიტაციას. აქ მოეწყობა ახალი სივრცეები, მათ შორის, საკონფერენციო სივრცეები და კიდევ სხვადასხვა ტიპის საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს იმ ფლიგელში, რომლის რეაბილიტაციაც იგეგმება“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თბილისისა და ქუთაისის სასახლეების რეაბილიტაცია იგეგმება
17/10/2017