პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები დარეგისტრირდა

21/12/2020

23 დეკემბრიდან პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით, საქართველოს პარლამენტი ქვეყნის პრეზიდენტს დღეს მიმართავს. აღნიშნულის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

„თქვენთან შეთანხმებით მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 2020 წლის 23 დეკემბრიდან მოვიწვიოთ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესია. მოგეხსენებათ, რომ მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გვაქვს მისაღები, შესაბამისად, 23 დეკემბერს, 12.00 საათზე პრეზიდენტის თანხმობით საშუალება გვექნება რიგგარეშე სესია მოვიწვიოთ, განვაახლოთ პლენარული სხდომები და მივიღოთ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც წლის ბოლომდე დგას პარლამენტის დღის წესრიგში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბიუროს სხდომებზე ბიუროს წევრები ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს და საორგანიზაციო საკითხებს გაეცნენ. მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტს. 14-პუნქტიანი დოკუმენტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ რეზოლუციის პროექტი მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. საუბარია დეოკუპაციასა და მშვიდობიანი გზით ქვეყნის ტერიტორიების მთლიანობის აღდგენაზე, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანაზე, ნატოში წევრობის მზაობაზე და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან როგორც ევროპის, ასევე რეგიონის ქვეყნებთან, ურთიერთობების და თანამშრომლობის განმტკიცებაზე.

„მისასალმებელია, რომ რეზოლუციასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ასევე სამოქალაქო საზოგადოების შესაბამის სფეროს ექსპერტებთან არის კომუნიკაცია და იმედი მაქვს, ამ რეზოლუციას კიდევ უფრო ფართო მხარდაჭერა ექნება, გარდა იმისა რომ უმრავლესობა პარლამენტში მას მხარს დაუჭერს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბიუროს წევრები ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს: „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“; „ამნისტიის შესახებ“; საქართველოს ორგანული კანონის პროექტ „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“; „მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გაეცნენ და წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრეს. ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით ბიუროს წევრებმა თეა წულუკიანმა, ანრი ოხანაშვილმა, მიხეილ სარჯველაძემ, დიმიტრი ხუნდაძემ და ირაკლი ქადაგიშვილმა მოსაზრებები გამოთქვეს და ახალი კანონპროექტების მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სხდომის დასასრულს ბიუროს წევრები საორგანიზაციო საკითხებსაც გაეცნენ, რომლებიც სხვადასხვა კომიტეტებში პარლამენტის წევრების გადაადგილებებს შეეხებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0