პარლამენტის ბიურომ 27-29 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა

19/04/2021

პარლამენტის ბიურომ 27-29 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა. განსახილველ საკითხებს დაემატა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტით წესრიგდება საგანგებო მდგომარეობასთან/საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ ეპიდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარის (კონტრაჰენტის) მიმართ განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები. პლენარული სხდომების დღის წესრიგში თხუთმეტი განსახილველი საკითხია. ბიურომ საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელა. სხდომაზე წარმოდგენილი იყო პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე COVID -19 პანდემიის გავლენა თემატური მოკვლევის ფორმატში შეისწავლოს. ბიურომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსხურის 2020 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშზე წამყვან კომიტეტად თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი განსაზღვრა. ანგარიშთან დაკავშირებით სავალდებულო დასკვნა უნდა წარმოადგინონ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0