პარლამენტის ბიურომ 18-21 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგში ცვლილებები შეიტანა

20/02/2020

ბიურომ პლენარული სხდომების დღის წესრიგში რამდენიმე ცვლილება შეიტანა, კერძოდ, განსახილველ საკითხებს დაემატა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“. პარლამენტი კანონპროექტს მესამე მოსმენით (დაჩქარებული წესით) განიხილავს, რომლითაც განისაზღვრება, რომ მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს წარმოადგენს ასევე საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ შესაბამისი ნორმებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები. პლენარული სხდომის დღის წესრიგის თანახმად, პარლამენტი დღეს მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს მოუსმენს. დეპუტატები, ასევე ცნობად მიიღებენ გუშინდელ პლენარულ სხდომაზე განხილულ ხუთი საპარლამენტო კომიტეტის ანგარიშს 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. პარლამენტის ბიურომ ცნობად მიიღო საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის, ვალერი გელაშვილის ფრაქციაში გაწევრიანების შესახებ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0