პარლამენტის ბიურომ პლენარულ სხდომათა დღის წესრიგი განსაზღვრა

28/11/2019

პარლამენტის ბიუროს სხდომამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვებოდა, 28-29 ნოემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა. პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებს სამი ახალი საკანონმდებლო პაკეტი დაემატა, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. ესენია: „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“; „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად. დაგეგმილია ასევე საკადრო საკითხები, კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის საკითხები.
ბიურომ ასევე განიხილა საორგანიზაციო საკითხები. კერძოდ, შემოსულია საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ პარლამენტის წევრის, კახაბერ კუჭავას კანდიდატურის წარდგენის შესახებ. ბიურომ, მათ შორის, რამდენიმე კომიტეტის მომართვის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება კანონპროექტების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ.
პარლამენტში შემოსული საქართველოს პრეზიდენტის წარდგინება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად მთავრობის მიერ წარმოდგენილი ივანე მახარაძის, კახი ბექაურისა და მარიამ სულაბერიძის კანდიდატურების წარდგენის შესახებ, შემდგომი პროცედურებისათვის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს გადაეცა.

ბიურომ ცნობად მიიღო:
პარლამენტის წევრის კახაბერ კუჭავას მომართვა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტიდან გასვლის შესახებ;
ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ მომართვა პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში პარლამენტის წევრის კობა კობალაძის წარდგენის შესახებ;
ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ მომართვა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში პარლამენტის წევრის რუსლან გაჯიევის წარდგენის შესახებ;
ფრაქცია “ქართული ოცნების“ მომართვა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში პარლამენტის წევრის მუხრან ვახტანგაძის წარდგენის შესახებ;
ფრაქცია „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მომართვა პარლამენტის წევრის ირაკლი აბესაძის იურიდიულ საკითხთა და პარლამენტის წევრის ლელა ქებურიას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებიდან გამოწვევის შესახებ;
ფრაქცია „ევროპული საქართველო-რეგიონების“ მომართვა პარლამენტის წევრის სერგი კაპანაძის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და ევროპასთან ინტეგრაციის და პარლამენტის წევრის, ლაშა დამენიას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებიდან გამოწვევის შესახებ;
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მომართვა პარლამენტის წევრის, ელენე ხოშტარიას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიდან გამოწვევის შესახებ;
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მომართვა პარლამენტის წევრის ოთარ კახიძის, როგორც ფრაქციის თავმჯდომარის, იურიდიულ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებიდან გამოწვევის შესახებ.

ამის შემდეგ, ბიუროს წევრებმა პლენარულ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0