საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ანგარიშში – ”წარსულში ( 2004-12 წლებში) ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური დანაშაულის შესახებ” წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მეთოდებზე საუბრობს.
როგორც დასკვნაშია ნათქვამი, განცხადებებიდან ირკვევა, რომ გამოიყენებოდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემდეგი მეთოდები: ცემა მუშტით, კონდახებით, ხელკეტითა და სხვადასხვა საგნის გამოყენებით; სექსუალური ძალადობა სხვადასხვა საგნის გამოყენებით; თვალების ახვევა, ცელოფნის პარკის ან ტომრის ჩამოცმევა; სხეულზე დამწვრობის მიყენება სიგარეტის გამოყენებით; ელექტროშოკის გამოყენება; გაშიშვლება; ფრჩხილების დაძრობა; ქლორიანი წყლის ჩასხმა საკანში; მუქარა ოჯახის წევრების მიმართ სხვადასხვა სახის ძალადობის განხორციელების შესახებ.
”პატიმრების მიმართ გამოყენებული ფიზიკური წამების მეთოდები შეგვიძლია 3 ჯგუფად დავყოთ: ფიზიკური წამების ძალზე გავრცელებული მეთოდები: ამ ჯგუფს მიეკუთნება მეთოდები, რომელთა გამოყენების შესახებ რესპოდენტთა უმრავლესობა (50%-ზე მეტი) აღნიშნავს. ფიზიკური წამების მეტ-ნაკლებად გავრცელებული მეთოდები: ამ ჯგუფს მიეკუთნება მეთოდები, რომელთა გამოყენების შესახებ რესპოდენტთა სულ მცირე, მეხუთედი მიუთითებს; ფიზიკური წამების ნაკლებად გავრცელებული მეთოდები: ამ ჯგუფს მიეკუთვნება მეთოდები, რომელთა გამოყენების შესახებ რესპოდენტთა მეხუთედზე ნაკლები აღნიშნავს.’’ფიზიკური წამების ძალზე გავრცელებულ მეთოდებს შორის მოხვდა შემდეგი: ცემა მუშტებით, წიხლებით, სამედიცინო მომსახურების (კონსულტაცია, ოპერაცია, მედიკამენტები) არქონა/შეზღუდვა, პატიმრებით გადაჭედილ საკანში მოთავსება, ცემა რეზინის და ხის ხელჯოხებით (ე.წ. დუბინკებით), დარტყმა სხეულის განსაკუთრებით მტკივნეულ ნაწილებში (ხელის/ფეხის მტევნებში, ნაოპერაციებ ადგილებში და სხვა), ნესტიან და წყლიან საკნებში მოთავსება, დარტყმა ყურების არეში, როგორც ცალმხრივი, ისე ორმხრივი ე.წ. „ტელეფონი“ და გაუსაძლისი სიცივის ან სიცხის პირობების შექმნა. ,,ფიზიკური წამების მეტ-ნაკლებად გავრცელებული (მიუთითებს სულ მცირე მეხუთედი) მეთოდებია: ცემა გასაღებების დიდი ასხმის, რკინის საწოლის ფეხების და მეტალის სხვა ნივთების გამოყენებით (ამჟამინდელ პატიმრებს შორის ყოველი მეორე და ყოფილ პატიმრებს შორის ყოველი მესამე ადამიანი აცხადებს, რომ მათ მიმართ გამოიყენეს ეს მეთოდი); სპეცრაზმის გამოყენება, როგორც დამსჯელი რაზმის, ორგანიზებული, რეგულარული ცემა მთელ საპატიმროში; საკვების / სასმელი წყლის არ მიწოდება; ე.წ „ფუქსში’’- 1 კვ.მ გალიაში მოთავსება საათებისა და დღე-ღამის განმავლობაში; თვალის კაკლებზე ხელის დაჭერა ტკივილის მიყენებისა და თვალების დათხრის იმიტაციის მიზნით; ,,ფიზიკური წამების ნაკლებად გავრცელებული მეთოდებია: ჩამოკიდება, ელექტროდენით წამება, მოხრჩობა (წყალში თავით ჩაყურყუმალავება, აირწინაღის ჩამოცმა და სხვ.), სამედიცინო – სტომატოლოგიური წამება, დამწვრობა (სიგარეტით, ცხელი შანთით და სხვ.), დაღის დასმა (ფრჩხილების დაძრობა და სხვ.), ფარმაკოლოგიური წამება (ნარკოტიკით და სხვა პრეპარატით), ცხოველების გამოყენება (მაგ:ძაღლების მისევა), სექსუალური ძალადობა.
წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე რეაგირების თვალსაზრისით, კომიტეტის ანგარიშში ნათქვამია, რომ შესწავლილი განცხადებებიდან იკვეთება სასამართლოს საკმაოდ პასიური და არაეფექტური როლი ამ პროცესში.
”სასამართლო ვერ ასრულებდა მასზე კანონით დაკისრებულ ფუნქციას სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში გამოევლინა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიმართ უკანონო მოპყრობის ფაქტები. უფრო მეტიც, სასამართლო ხელისუფლება, სამართლებრივ ლეგიტიმაციას აძლევდა რეპრესიული სისტემის ნებისმიერ უკანონო მოქმედებასა თუ უმექმედობას. ასევე, განცხადებების მიხედვით, პროკურატურა არ ახდენდა რეაგირებას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე შემოტანილ განცხადებებზე. პროკურატურა, როგორც სამართლებრივი დაცვის მექანიზმი, რომელსაც სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება უნდა ჩაეტარებინა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, არ ფუნქციონირებდა”, – ნათქვამია დასკვნაში.
რაც შეეხება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენების მიზნებს, დასკვნაში ნათქვამია, რომ კომიტეტში შესული განცხადებების ანალიზიდან ჩანს, რა მიზნების მისაღწევად გამოიყენებოდა წამების, წამების მუქარისა და არადამიანური მოპყრობის მეთოდები, ესენია: ”დანაშაულის გახსნა; ცრუ და/ან სასურველი ჩვენების მიღება, მათ შორის, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის აღიარება; საპროცესო შეთანხმების დადების იძულება; ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტის იძულება; ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოდან საჩივრის გამოტანის იძულება; სხვადასხვა უწყებებში საჩივრების წერის შეწყვეტის იძულება; სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციასთან ფარული თანამშრომლობის იძულება; სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კოლექტიური შიშის დანერგვა და არსებული მკაცრი რეჟიმის შენარჩუნება; სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების თავის შექცევა პატიმრების მიმართ არადამიანური მოპყრობით.
”როგორც განცხადებებიდან ირკვევა, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მეთოდების გამოყენების შედეგები საკმაოდ მძიმე იყო. კერძოდ: წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად პატიმრის ხეიბრად ქცევა; წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად პირის მძიმედ დასნეულება; წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმის მიღება; წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად გამოწვეული მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის ფონზე სუიციდის მცდელობა; წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად ლეტალური შედეგის დადგომა. გამოკითხვა აჩვენებს, რომ წამება და არაადამიანური მოპყრობა ყველაზე მეტად დაუკავშირდა ისეთ შედეგებს, როგორიცაა: გადაიხადა ფული ან დათმო ქონება; დათანხმდა საპროცესო გარიგებას; დაიბრალა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია; ჩაიდინა თვითმკვლელობა/ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა; ფსიქიკურად დაავადდა; მიიღო ფიზიკური დაზიანება და დაიწყო ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა”, – ნათქვამია დასკვნაში.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ”ჰუალინგში” ანგარიში – ”წარსულში ( 2004-12 წლებში) ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური დანაშაულის შესახებ” წარმოადგინა. აღნიშნული დასკვნა მომზადდა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ. კომიტეტი ასევე განმარტავს, რომ 2012 წლის 18 სექტემბერს, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულმა ე.წ. ,,ციხის კადრებმა’’, რომლებიც ასახავდა სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში პატიმრების მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს, დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი და მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია, რამაც განაპირობა სამუშაო ჯგუფის შექმნა. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები და შეფასებები ეკუთვნის სამუშაო ჯგუფს, რომელიც ეყრდნობა კომიტეტის აპარატისა და მოწვეული სპეციალისტების მიერ კომიტეტში შემოსული განცხადებების შესწავლასა და ანალიზს; ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალურ შეფასებებს, სტატისტიკას და სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენებს. სამუშაო ჯგუფი წინამდებარე ანგარიშს გადასცემს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და წევრებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებს საქართველოში; დოკუმენტი საჯაროა და ხელმისაწვდომია დაინტერესებული საზოგადოებისათვის.