მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრემიერ-მინისტრის მომავალ ვიზიტებზე ისაუბრა.
„პრემიერი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ლიეტუვას, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტია. ლიეტუვა გახლავთ ძალიან სერიოზული მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების. შეხვედრები იქნება ლიეტუვის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან. ეს არის კარგი შესაძლებლობა, იმისთვის,რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან ერთად ევროკავშირში და ნატო-ში არსებული მდგომარეობა განვიხილოთ.ასევე, ვისაუბრებთ ორმხრივი ურთიერთობების ძირითად მიმართულებებზე. წელს, ჩვენ ვგეგმავთ ლიეტუვასთან ძალიან აქტიურ თანამშრომლობას.
ასევე, განხორციელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე. აღნიშნული ფორუმი ასევე კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ საქართველომ წარმოადგინოს საკუთარი შესაძლებლობები, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით. ჩვენ გვექნება შეხვედრები ძალიან ბევრ სერიოზულ კომპანიასთან.ასევე, იქნება პოლიტიკური ხასიათის შეხვედრები ჩვენს პარტნიორებთან.
“ის ფაქტი, რომ შუალედური არჩევნების შემდეგ აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში კიდევ ერთხელ მოხდა საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტის წარდგენა, მიანიშნებს საქართველოს საკითხის პრიორიტეტულობას. ჩვენ მადლობას ვუხდით ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით კონგრესმენებს კონოლისა და კინზინგერს საქართველოსადმი მუდმივი ყურადღებისა და ძლიერი მხარდაჭერის გამო“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ერთ-ერთ პირველ ინიციატივად, საქართველოს მეგობართა ჯგუფის ახალმა თანათავმჯდომარეებმა, დემოკრატმა კონგრესმენმა, ჯერალდ კონოლიმ და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა, წარადგინეს საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტი.
ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს. კანონპროექტით კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიმართულებით.
იმისათვის, რომ კანონპროექტმა კანონის ძალა მიიღოს საჭიროა, მისი აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში დამტკიცება. კერძოდ ახლად არჩეულ წარმომადგენელთა პალატაში მხარდაჭერის დადასტურების შემდგომ ის დასამტკიცებლად სენატს გადაეგზავნება და აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა ძალაში.