ორმოცმოწამეთა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია 23 საუკუნის წინანდელი ექსპონანტების ფრაგმენტები

19/07/2017

ნოქალაქევის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, ნოქალაქევის ქართულ-ბრიტანული არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობას და, პარალელურად, ამ უნიკალურ ისტორიულ კომპლექსში მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი, რომელსაც მეგზურობას უწევდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე, პროფესორი დავით ლომიტაშვილი, ექსპედიციის ხელმძღვანელი, პროფესორი ნიკოლოზ მურღულია და პროფესორი ბესიკ ლორთქიფანიძე.
ქართულ-ბრიტანული არქეოლოგიური ექსპედიცია, ბრიტანელი და ქართველი მეცნიერების, არქეოლოგებისა და სტუდენტების შემადგენლობით, ყოველწლიურად, ერთი თვის მანძილზე, ეწევა არქეოლოგიურ სამუშაოებს, ახდენს უძველესი სამარხებისა თუ ექსპონანტების აღმოჩენასა და შესწავლას. ამ ეტაპზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს ორ თხრილზე. ორმოცმოწამეთა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია 23 საუკუნის წინანდელი ექსპონანტების ფრაგმენტები. ექსპედიცია, ივლისის ბოლოს, მომავალი წლის ზაფხულამდე დაასრულებს მუშაობას.
ბრიტანეთის ელჩმა ასევე დაათვალიერა კომპლექსის რეაბილიტაციის მიმდინარეობა. აღსანიშნავია, რომ ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ციხე-გოჯის – არქეოპოლისის რეაბილიტაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით 2016 წელს დაიწყო. 2017 წელს სამუშაოების მე-2 ეტაპით გათვალისწინებულია ქვედა ნაქალაქარის ყველა სეგმენტის – გვირაბის, რკინის ხიდის, საფორთიფიკაციო ნაგებობების, სასახლეების, უნიკალური წყალსაცავის მოწესრიგება და სრული კონსერვაცია, 40 მოწამეთა ტაძრისა და მასში არსებული ფრესკების რესტავრაცია – კონსერვაცია. 2017 წელს დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, 2018 წელს მოეწყობა ნაქალაქარის ინფრასტრუქტურა – ბილიკები, მისასვლელი გზები, საინფორმაციო ბანერები და ა.შ.. დასრულდება ნაქალაქარის ფერდობისა და ციტადელის პროექტირება. ფიზიკური სამუშაოების განხორციელების შემდგომ კი, სრულად დასრულდება ნოქალაქევის ნაქალაქარის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება ახალი სამუზეუმო სივრცის შექმნა და ექსპოზიციის მოწყობა. მუზეუმში განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქიმიურ-სარესტავრაციო ლაბორატორია, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს მოემსახურება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0