ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა მარტივდება

23/07/2024

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა მარტივდება. პაციენტები, საჭირო მედიკამენტს, აფთიაქში მისვლის გარეშე, კლინიკაში მიიღებენ. გადაწყვეტილება, პაციენტთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით იქნა მიღებული, რადგან ამ დრომდე ბენეფიციარებს, მედიკამენტების მისაღებად, ჯერ კლინიკაში ვიზიტი, რეცეპტის აღება, შემდეგ აფთიაქში მისვლა, წამლის შეძენა და პროცედურის ჩასატარებლად, ისევ სამედიცინო დაწესებულებაში უწევდათ დაბრუნება. აღნიშნული ცვლილება, პაციენტის ინტერესებისა და უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებისაკენ გადადგმული, მორიგი, მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
მინისტრის ბრძანებას ხელი უკვე მოეწერა და 24 ივლისიდან შევა ძალაში. შესაბამისად ცვლილება შეეხება 24 ივლისის შემდეგ გაცემული ელექტრონული რეცეპტების საფუძველზე გასაწევ მომსახურებაზე. მას შემდეგ, რაც საჯაროდ ცნობილი გახდა, რომ სამინისტრო ამ საკითხზე მუშაობდა, ბევრი არასწორი ინტერპრეტაცია მოვისმინეთ, მათ შორის მცდელობაც, რომ გაუფასურებულიყო ამ ცვლილების მნიშვნელობა, ცვლილება არის ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური და მას მედიკამენტების დეფიციტთან კავშირი არ აქვს.
მოგეხსენებათ, რომ მედიკამენტების იმპორტს და დისტრიბუციას არ ახორციელებს სახელმწიფო, თუმცა სახელმწიფო ყოველთვის აკვირდება მიმდინარე პროცესებს, არსებულ მარაგებს, რომ დეფიციტი, უარყოფითად არ აისახოს რომელიმე პაციენტის მკურნალობაზე. მედიკამენტების დეფიციტთან დაკავშირებით, რომელიც პერიოდულად იქმნება ბაზარზე, სამინისტროს აქვს მწვავე კომუნიკაცია, როგორც იმპორტიორებთან, ისე სააფთიაქო ქსელებთან, რომელთაც მოვუწოდეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრან დეფიციტები. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება რელევანტური, ადექვატური გამოხმაურება კერძო სექტორის მხრიდან, სახელმწიფო იძულებული იქნება, რეგულაციის განსხვავებული მეთოდები აირჩიოს იმისთვის, რომ პაციერნტების საკუთესო ინტერესები იყოს წინ წამოწეული და არავის მიეცეს შესაძლებლობა, არცერთ კომერციულ ინტერესს, რომ დადგეს უფრო მაღლა ვიდრე პაციენტის ინტერესი და უფლებაა. ეს არის პრობლემა რომელიც არის შექმნილი ქსელის მხრიდან და საჭიროებს რეაგირებას. ბუნებრივია არსებობს კომერციული ინტერესი, რომელიც მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევია, თუმცა ნომერ პირველი საკითხი არის პაციენტის ინტერესი და უფლება.
ჩვენი ამოცანაა, საკითხები ვარეგულიროთ ისე, რომ მსგავსი რისკებისთვის, უბრალოდ, არ რჩებოდეს სივრცე და არავის ჰქონდეს შესაძლებლობაც კი, კომერციული ინტერესი უფრო მაღლა დააყენოს. უახლოეს მომავალში, სისტემა ამუშავდება ისე, რომ არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ცალკეული კომერციული მოთამაშეების კეთილსინდისიერებასა და მათ დეონტოლოგიის წესებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0