ოთარ შამუგია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

28/07/2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის 30 წლიანი თანამშრომლობის და ქვეყნებს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა ელჩს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში ტექნიკური მხარდაჭერისა და საქართველოში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის და სასათბურე მეურნეობების მოწყობის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისათვის. ჭოუ ციენმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი შესაძლებლობა აქვს; ქართული ღვინო განსაკუთრებულია და ჩინურ ბაზარზე ექსპორტის სტაბილური ზრდის რეალური პოტენციალი არსებობს. ელჩის განცხადებით, არსებობს სურვილი, საქართველოსა და ჩინეთს შორის აგრარული მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ მეტად გაღრმავდეს. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0