ოთარ შამუგიამ, საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია განიხილა

03/11/2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ხანიშვილთან, სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია განიხილა. კონცეფცია ეფუძნება კომპლექსურ მიდგომას და საძოვრების მდგრად სარგებლობას განიხილავს მეცხოველეობის დარგის განვითარების საკითხებთან ერთად. კონცეფციის საფუძველზე მოხდება საძოვრების კლასიფიკაცია და საძოვრების განკარგვის ზოგადი პრინციპების განსაზღვრა. საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფცია ევროპის ქვეყნებისა მაღალმთიან რეგიონებში საძოვრების მართვის არსებულ მიდგომებსა და გამოცდილებას ეფუძნება და ქართველი და უცხოელი ექსპერტების აქტიური ჩართულობით მუშავდება. აღნიშნული დოკუმენტი საძოვრების მართვის შესახებ კანონის მიღების საფუძველი იქნება, რაც გააუმჯობესებს საძოვრების მდგრად მართვას და მართვის პროცესში მონაწილე ყველა უწყებას შესაბამისი ფუნქცია განესაზღვრება. საძოვრების მართვის პოლიტიკა პროექტის „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენის და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში შემუშავდება. პროექტს ახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრისა (REC Caucasus) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მხარდაჭერით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0