სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ქ. ბათუმში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) „გარემო ევროპისათვის“ მე-8 გარემოსდაცვითი მინისტერიალის ფარგლებში უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ისტვან ნაგის (István Nagy) შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ოთარ დანელიამ უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებს საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო და სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ გარემოსდაცვითი მინისტერიალის მნიშვნელობის შეფასებისას აღნიშნა, რომ „გარემო ევროპისთვის“ გულისხმობს ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებისთვის თანამშრომლობის განსაკუთრებულ ფორმატს ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორებიცაა გარემოსდაცვითი საკითხების მიმართულებით პრიორიტეტების განსაზღვრა და სამოქმედო გეგმის შემუშავება.
აღსანიშნავია, რომ ქ. ბათუმში გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) „გარემო ევროპისათვის“ მე-8 გარემოსდაცვითი მინისტერიალი 56 ქვეყნის 600-მდე ოფიციალურ დელეგატს, ბიზნესსექტორის, ბიზნესასოციაციებისა და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს მასპინძლობს.
ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ შემდეგ საკითხებს: „მწვანე ეკონომიკის განვითარება პან-ევროპულ რეგიონში“ და „ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის“.
მე-8 გარემოსდაცვითი მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა თემაზე „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“.
ოთარ დანელია უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა
09/06/2016