ოზურგეთში შშმ პირთა შორის რიგით მეორე ჩემპიონატი გაიმართა

28/06/2016

ოზურგეთის სპორტის სასახლემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შორის გურიის რეგიონალურ რიგით მეორე ჩემპიონატს უმასპინძლა. ჩემპიონატი სპორტის ოთხ სახეობაში – ჭადრაკში, ნარდში, შაშსა და მკლავჭიდში გაიმართა.
ჩემპიონატის ყველა მონაწილე და ფინალში გასული მოასპარეზეები მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
საქველმოქმედო ასოციაცია „გურია“-მ, დავით ჟღენტის სახელობის გარდამავალი თასი დააწესა, რომელიც გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ და ასოციაციის ხელმძღვანელმა რომან ლომაძემ, გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო შედეგის მქონე გამარჯვებულ გუნდს გადასცეს.
„ დღეს ძალიან შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი სპორტული ტურნირის მომსწრენი გავხდით. ეს არის დასტური იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს. ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. თქვენ ყველანი გამარჯვებულები ხართ. გულითადად გილოცავთ ამ გამარჯვებას და მომავალ ასპარეზობაში გისურვებთ წარმატებებს. ჩვენი ხელისუფლების მხრიდან თქვენ ყოველთვის გექნებათ მაქსიმალური ხელშეწყობა,“-აღნიშნა გია სალუქვაძემ.
გურიის ჩემპიონატის გამარჯვებული ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გუნდი გახდა. ღონისძიებაში მონაწილეობა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ზენაარმა“ და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა მიიღეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0