ოზურგეთში ომარ ხურციძის ვარსკვლავი გაიხსნა

17/04/2016

ქალაქ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თატრის წინ – საქართველოს დამსახურებულ არტისტს, ქორეოგრაფს, „სუხიშვილების“ ყოფილ სოლისტს ვარსკვლავი გაუხსნეს.
ვარსკვლავის გახსნამდე ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების – „გურია“, „ფაზისი“, „ფესვები“, „კოლხა“, „შვიდკაცა“, „იბერია“, „ლაშა-გიორგი“, „მეგობრობა“, „მანანური“, „ზენაარი“, „ციმციმა“, „ცისფერი ტრიო“ გრანდიოზული კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ასევე იმყოფებოდნენ მოწვეული სტუმრები თბილისიდან, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებიდან.
,,დღეს ქართული ცეკვის ზეიმია, ეს ვარსკვლავი დამსახურებულად ეკუთვნის ადამიანს, რომელმაც მართლაც ფასდაუდებელი შრომა გასწია ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების საქმეში. ვულოცავ ბატონ ომარს ვარსკვლავის გახსნას“- აღნიშნა გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ.
,, არაჩვეულებრივი დღეა, მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენს ქალაქში კიდევ ერთი ნიჭიერი ხელოვანის ვარსკვლავი გაიხსნა, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება უნიკალურ ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას დაუკავშირა. ვულოცავ ბატონ ომარს, დღეგრძელობასა და მხნეობას ვუსურვებ“ – განაცხადა ქალაქის მერმა, ბეგლარ სიორიძემ.
ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ცერემონიალს ორგანიზება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გაუწია.
► ომარ ხურციძე 1946 წლის 20 იანვარს, ოზურგეთის რაიონის სოფელ თხინვალში დაიბადა. იყო ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ ხალხური ცეკვების ანსამბლში და 30 წლის განმავლობაში წამყვან სოლისტ მოცეკვავედ ირიცხებოდა. 3500-ზე მეტი კონცერტი ჩაატარა, მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება და ღირსების ორდენი. 1995 წლიდან დღემდე ასწავლის ქართულ ხალხურ ცეკვებს ქალაქ თბილისის მერიის კულტურის სამსახურთან არსებულ ი. სუხიშვილის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სკოლა-სტუდიაში. ამავე დროს 2011 წლის სექტემბრიდან 2014 წლის ბოლომდე ასწავლიდა ჰ. გონაშვილის სახელობის ქ. თბილისის მუსიკალურ სკოლაში ქორეოგრაფად. მის მიერ აღზრდილი ქალ-ვაჟები ამშვენებენ სახელმწიფო ანსამბლებს. 2003 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საატესტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიენიჭა უმაღლესი კატეგორიის პედაგოგის წოდება. 2012 წლიდან არჩეული არის საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსად ხელოვნების დარგში. ჰყავს მეუღლე, სამი შვილი და ერთი შვილიშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0