გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, აკაკი შენგელიამ, ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესის გზიდან, სოფელ ჯუმათის ცენტრის გავლით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1, 469,164 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით ხორციელდება. სოფელ გაღმა დვაბზუდან – სოფელ ბახვის ცენტრალურ გზამდე, 2260 გრძივი მეტრი საავტომობილო გზის ასფალტო – ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 738 992 ლარით დაფინანსდა. მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბულატორიების მშენებლობა – რეაბილიტაცია გრძელდება. ახალი სამედიცინო პუნქტები შენდება ჭანიეთში, ნასაკირალში, გურიანთასა და კონჭკათში. ხოლო რეაბილიტაცია ნატანების, ნარუჯის, ბაილეთის, შემოქმედის, ურეკისა და ბოხვაურის ამბულატორიებს უტარდება.
პროექტის ჯამური ღირებულება 794 118 ლარს შეადგენს და ფინანსდება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. ქალაქ ოზურგეთში, წერეთლის ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტი, რომლის ღირებულებაც 368 485 ლარს შეადგენს, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
ოზურგეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
21/10/2019