ოზურგეთში „ ევროპის დღეები 2016“ აღინიშნა

17/05/2016

17 მაისს, ქალაქ ოზურგეთში, სპორტის სასახლის წინ, ,,ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის გურიის ბიუროს“ ორგანიზებით, „ევროპის დღეები 2016“ სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. მოეწყო გამოფენა „ჩემი თვალით დანახული ევროპა“, გაიმართა „ფლეშ-მობი“. შესრულდა ფოლკლორული ნომრები. დაჯილდოვდნენ კონკურსში მონაწილე გამარჯვებულები.
სპორტის სასახლესთან შეკრებილ საზოგადოებას, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე მიესალმნენ.
„მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო! მოხარულნი ვართ, რომ გურია 2016 წლის ევროპის დღეებს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს.
მინდა აღვნიშნო, რომ ევროინტეგრაციის პროცესი, ასოცირების შეთანხმება, ვიზალიბერალიზაციის საკითხები და ევროპული ღირებულებები ჩვენთვის პრიორიტეტულია. ასევე, მივესალმები ყველა იმ წამოწყებასა და ჩვენს რეგიონში განხორციელებულ თითოეულ პროექტს, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება,“- აღნიშნა გია სალუქვაძემ.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, მინისტრმა, სამხარეო ადმინისტრაციაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა, სადაც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა.
ევროპის დღეების ფარგლებში დავით ბაქრაძე, გუბერნატორთან და ქალაქის მერთან ერთად, შემოქმედელ მიტროპოლიტ იოსებს და სასულიერო პირებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებსა და ამ პროცესში ეკლესიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0