ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დასრულდა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები მოხალისეებთან და სამართალდამცავებთან ერთად, მოსახლეობას სახლში აკითხავდნენ და თერმოსკრინინგს უტარებდნენ. ნასაკირალის სამივე შესასვლელთან ბლოკ-პოსტებიც მოეწყო, სადაც დაბაში შემსვლელ მოსახლეობას ამოწმებდნენ. თერმოსკრინინგის ფარგლებში, შეფასდა მოქალაქეთა ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, საეჭვო სიმპტომების გამოვლენა არ მომხდარა, 3000 ადამიანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი. ადგილზე იმყოფებოდნენ გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც არსებულ ვითარებას მთელი დღის განმავლობაში ეცნობოდნენ.
„გურიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ამ დრომდე არ გამოვლენილა. ჩვენ, მსგავს საპრევენციო ღონისძიებებს საჭიროების შემთვევაში სხვა სოფლებშიც ჩავატარებთ. მინდა მადლობა გადავუხადო პრევენციული ღონისძიების განხორციელებისთვის მოხალისეებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს“ – განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.