ქალაქ ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო.
ექსპოზიციები გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან, ქალაქ ოზურგეთის მერთან ბეგლარ სიორიძესთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად დაათვალიერა.
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ოზურგეთში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ეგიდით საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოფენა მოეწყო. ჩვენ დღეს საინტერესო მასალები ვიხილეთ და ვფიქრობ, რომ ეს უნიკალური მასალები ყველამ უნდა ნახოს, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა. ეს არის ჩვენი ისტორია და განუყოფელი ნაწილი. მიხარია, რომ დღეს ოზურგეთში აღნიშნული გამოფენა მოეწყო,“-აღნიშნა გია სალუქვაძემ.
ისტორიულ მუზეუმში წარმოდგენილი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური მასალები: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, 1918-1921 წლებში დაწესებული პირველი ქართული ჯილდო (მედალი) თამარ მეფის ორდენი, 1918 წელს ჩატარებული პირველი არჩევნების ამსახველი მასალები, 1921 წლის 26 თებერვალს გამოცემული საქართველოს პირველი კონსტიტუცია, ნოე ჟორდანიას პირადი ნივთები, პრესაში 26 მაისთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მასალები, აკაკი ჩხენკელის მიერ გენერალ გიორგი კვინიტაძისათვის გაგზავნილი დეპეშის დეშიფრანტი, სადაც ჩხენკელი კვინტრაძეს სთხოვს, რომ სთხოვოს ეროვნულ საბჭოს, დაუყოვნებლივ გამოაცხადონ საქართველოს დამოუკიდებლობა და სხვა საინტერესო ნივთები.
ექსპოზიცია 11-დან 22 მაისამდე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში (ბათუმში, ოზურგეთში, ფოთში, ზუგდიდში, ქუთაისში, გორში, ახაქალაქში, თელავსა და მარნეულში) იმოგზაურებს.
ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო
13/05/2016