საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი ახალი სკვერი გაიხსნა – პროექტის ავტორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი გვანცა ცქიფურიშვილია. ნუცუბიძის 46-თან არსებული სკვერი პირველია საბურთალოზე, სადაც შინაური ცხოველებისთვის სპეციალური, იზოლირებული სასეირნო ზონა მოეწყო. ორზონიან სკვერში დიფერენცირებულია საბავშვო-გასართობი და სასეირნო-სავარჯიშო სივრცეები. ადგილზე დამონტაჟდა ტრენაჟორები, დაირგო წიწვოვანი ჯიშის ნერგები, ტერიტორია შემოისაზღვრა დეკორატიული ღობით, გაკეთდა პანდუსი, დაიდგა ფანჩატურები, საპარკო სკამები, საქანელები და ქვიშის მანეჟი. სკვერი აღჭურვილია ინდივიდუალური სარწყავი სისტემით და დეკორატიული განათებით. სკვერის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველის ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინისა და არქიტექტურის ფაკულტეტის ხელმძღვანელი პირები, კონკურსის სხვა მონაწილეები. საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული და განაცხადა, რომ სტუდენტების მიერ სკვერის დაპროექტების ეს ფაქტი უკვე გახდა პრეცედენტი სხვა პროექტებისათვის. არქიტექტურული კონკურსის შედეგად დაპროექტებული სკვერი კომპანია „ვლადნეფტპროდუქტმა“ მოაწყო. პროექტის ღირებულება 217,000 ლარია.
ნუცუბიძის 46-ში სტუდენტის მიერ დაპროექტებული სკვერი გაიხსნა
04/11/2016