კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის პროგრამის ფარგლებში, ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის და ახალი მუზეუმის საპროექტო დოკუმენტაცია მომზადდა. ამ უნიკალური კომპლექსის სრული რეაბილიტაციის გრანდიოზული პროექტის მიხედვით უახლოეს პერიოდში იგეგმება ახალი სამუზეუმო სივრცის შექმნა და ისტორიულ ციხე-ქალაქის რეაბილიტაციაზე ფიზიკური სამუშაოების დაწყება. მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყება კომპლექსის არქიტექტურულ-არქეოლოგიური ობიექტების რესტავრაცია, ადაპტაცია დაკონსერვაცია, რომელიც გაგრძელდება 2019 წლამდე.
სამუშაოები მოიცავს შემდეგ ნაგებობებს:
• ნაქალაქარის ქვედაგალავანს;
• დარბაზულ ეკლესიას ;
• დადიანების სასახლეს;
• სამოქალაქო აბანოსა და ციხის გარნიზონის საცხოვრებელს;
• ორმოცმოწამეთა სახელობის ეკლესიას;
• კოშკს-სამრეკლოს;
• ეგრისის მეფეთა პირველსასახლეს;
• ეგრისის მეფეთა მეორე სასახლეს;
• გვირაბს მდინარე ტეხურზე;
• სამნავიან ბაზილიკას;
• რკინის ხიდს მდინარეტეხურზე;
• კომპლექსის ზედა ნაწილის გაწმენდით სანიტარულ სამუშაოებს.
აღნიშნული სამუშაოები შესაძლებლობას მოგვცემს ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენად მომზადდეს შესაბამისი ნომინაცია. ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სათანადო რეაბილიტაცია, ასევე, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და რეგიონის ტურისტულ-ეკონომიკური პოტენციალის ამაღლებას. პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. კულტურული მემკვიდრეობის ამ უმნიშვნელოვანესი ძეგლის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მისი სახით საქართველოს ტურიზმის რუკაზე მსოფლიო მნიშვნელობის რეაბილიტირებული ძეგლი გაჩნდება.
ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის რეაბილიტაცია იწყება
08/07/2016