ფინანსთა მინისტრი, საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკის მმართველი ნოდარ ხადური შეხვდა აზიის განვითარების ბანკში (ADB) ავსტრალიის ჯგუფის (რომელიც ფარავს საქართველოს) აღმასრულებელ დირექტორს, მეთიუ ფოქსს.
შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, წყალმომარაგება, კაპიტალის ბაზრის განვითარება. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.
როგორც აღინიშნა, აზიის განვითარების ბანკი მზადაა, საქართველოსთან გააგრძელოს წარმატებული თანამშრომლობა და გაზარდოს ფინანსური მხარდაჭერა ეფექტიანი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას.
ADB-ში აღმასრულებელმა დირექტორმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა საინტერესო და ნაყოფიერი ვიზიტის ორგანიზებისთვის და ფინანსთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით მიიწვია ქ.მანილაში, აზიის განვითარების ბანკის სათაო ოფისში.
ADB-ის აღმასრულებელი დირექტორი მეთიუ ფოქსი ბანკში წარმოადგენს ავსტრალიას, აზერბაიჯანს, საქართველოს, კამბოჯას, ჰონგ-კონგს (ჩინეთი), კირიბატს, მიკრონეზიის ფედერალურ შტატებს, ნაურუს, პალაუს, სოლომონის კუნძულებს და ტუვალუს.
შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალი და ADB-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე გიორგი კიზირია.
ნოდარ ხადური ADB-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
15/06/2016