2016 წლის პირველ სექტემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც პოლონეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე მარიუშ ხალადნი (Mariusz Haładyj) ხელმძღვანელობს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და პოლონეთს შორის პარტნიორობის საკითხებს. ფინანსთა მინისტრმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმატებულ თანამშრომლობას პოლონეთის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დაზვერვის დეპარტამენტთან და იმედი გამოთქვა, რომ პოლონურ-ქართული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საგადასახადო სფეროში განხორციელებული რეფორმების, მათ შორის, მოგების გადასახადის ახალი სისტემის შესახებ, რომელიც ქვეყანაში 2017 წლიდან ამოქმედდება.
საუბარი, ასევე, შეეხო ლიბერალიზაციისა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს, ზოგადად, ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკას, რომლის მთავარი ამოცანაა, კერძო სექტორისა და უცხოური ინვესტიციებისათვის, ასევე ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისათვის მიმზიდველი და ხელსაყრელი გარემოს შექმნა.
პოლონეთის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები გაეცნენ იმ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყანამ გადადგა ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიმართულებით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრო პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკი.