საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, სერ სუმა ჩაკრაბარტისთან; მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტებთან, ქალბატონ ლორა ტაკთან და ბატონ სირილ მიულერთან; ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ბატონ ლასლო ბარანიასთან.
შედგება შეხვედრა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ქალბატონ კატერინა მატერნოვასთან. ასევე, შედგება მოლაპარაკებები ინვესტორებთან, საინვესტიციო ბანკებისა და სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებთან.
ვიზიტის დროს გაიმართება ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ერთობლივი შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) განმკარგულებელი დირექტორის მოადგილესთან, ბატონ მინ ჟუსთან; სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთან, ბატონ მენო შნელთან; სსფ-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან, ბატონ მასუდ აჰმედთან, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტთან, ბატონ დიმიტრის ციცირაგოსსთან.
შეხვედრების ფარგლებში საუბარი გაიმართება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დონორების ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და უცხოური ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებზე, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების თაობაზე და ამ მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებზე.
ნოდარ ხადური ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
14/04/2016