სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) დირექტორის მოადგილეს, ონო შოტაროს და სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ სააგენტოს რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში სამინისტროს თანამშრომლების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრაზე ონო შოტარომ აღნიშნა, რომ რეგიონული განვითარების პროგრამის გარდა, მათ განსაკუთრებულ ინტერესს ქართული ღვინის წარმოებისა და საქართველოში აგროტურიზმის განვითარების საკითხები წარმოადგენს.
ნოდარ კერესელიძემ სააგენტოს წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ყურადღება სოფლისა და სოფლად განვითარების პროგრამაზე გაამახვილა.
როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, ღვინის წარმოებისა და აგროტურიზმის განვითარება სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებებია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების თანამშრომლებისთვის, სადაც რეგიონული განვითარების საკითხების გარდა საუბარი შეეხება „ერთი სოფელი, ერთი პროდუქტის“ კონცეფციის განხილვას.
ნოდარ კერესელიძე JICA-ს წარმომადგენლებს შეხვდა
19/09/2016