ნოდარ კერესელიძე ბულგარეთის სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

17/10/2016

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ბულგარეთის სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა ამერიკის შეერეთებული შტატების, ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა, რომლის საფუძველზეც აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) და ბულგარეთის სურსათის უვნებლობის სააგენტო (BFSA) ტექნიკურ და საექსპერტო დახმარებას გაუწევენ საქართველოს რისკის მართვისა და რისკის შეფასების ორგანოებს მათი ინსტიტუციური გაძლიერებისა და შესაძლებლობების გაზრდის მიზნით.
შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ ბულგარეთის დელეგაციას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის პირველმა მოადგილემ “ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებში საქართველოს მიერ აღებულ ძირითად ვალდებულებებზე ისაუბრა და მათი შესრულების ნაწილში ბულგარეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
როგორც ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, ბულგარეთმა სულ რამდენიმე წლის წინ გაიარა ის გზა, რომელსაც საქართველო დღეს გადის. შესაბამისად, ბულგარეთის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით ხაზგასასმელია. მნიშვნელოვანია თანამშრომლობა რისკის მართვისა და რისკის შეფასების შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან ასოცირებული რისკების გამოვლენის, შეფასებისა და მართვის მექანიზმების გაუმჯობესებას და მნიშვნელოვნად დააახლოებს საქართველოს ევროსტანდარტებთან.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გამოცდილების გაზიარების მიზნით, ბულგარეთის დელეგაციას დაგეგმილი აქვს სამუშაო შეხვედრები სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის წარმომადგენლებთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0