საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ ავრცელებს.
დაეშთან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტო „ამაკის“ ცნობით, სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელიც საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის – ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ფოიერვერკის დასრულებისთანავე ხალხში შევარდა, ექსტრემისტული დაჯგუფების მებრძოლი იყო.
საფრანგეთის ხელისუფლების ინფორმაციით, დაზვერვის სამსახური და სამართლდამცველები აღნიშნულ ინფორმაციას ამოწმებენ.
ცოტა ხნის წინ, იტალიის ხელისუფლებამ ოთხი ადამიანი დააკავა, რომლებიც სატვირთო მანქანის მძღოლთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. ერთი მათგანი პოლიციის თანამშრომლებმა გუშინ დააკავეს, სამი კი – დღეს. დაკავებულები ამ დროისთვის დაკითხვაზე იმყოფებიან.
ნიცაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა 14 ივლისს საღამოს მოხდა. შემთხვევას 84 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 10 ბავშვის.