გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი აზიის განვითარების ბანკის მთავარ ეკონომისტს ალბერტ პარკს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ნინო თანდილაშვილმა სამინისტროს პრიორიტეტებზე ისაუბრა და ყურადღება ინვესტიციების მოზიდვისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. საუბარი შეეხო პარიზის შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და იმ კონკრეტული აქტივობების მომდინარეობას, რაც სათბური გაზების გაფრქვევის შემცირების მიზნით აგრარულ სექტორში ხორციელდება. შეხვედრაზე მხარეებმა კლიმატის ცვლილებებით შექმნილი გამოწვევები და მასთან გამკლავების საკითხებიც განიხილეს. ალბერტ პარკის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკი მზად არის, საქართველოში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერისთვის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ნინო თანდილაშვილი აზიის განვითარების ბანკის მთავარ ეკონომისტს შეხვდა
15/09/2022