საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს შეხდვა. ნინო გვენეტაძემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რეფორმის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის შექმნა და გაძლიერება.
ნინო გვენეტაძემ ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დამკვიდრებულ მიდგომასა და მაღალი სტანდარტის კონტექსტში, უზენაესი სასამართლოს, როგორც უმაღლესი და საბოლოო საკასაციო ინსტანციის სასამართლოს, განსაკუთრებულ როლზე და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, ევროპის საბჭოს ექსპერტების მონაწილეობით, მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ელექტრონული საძიებო სისტემის (HUDOC) ქართული ანალოგის შექმნაზე მუშაობა. როგორც უზენაეს სასამართლოში განმარტავენ, აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც უზენაეს სასამართლოს, ასევე ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოებს, მიღებული გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილის სამართლებრივი დასაბუთების ხარისხის ამაღლების თვალსაზრისით.შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მართლმსაჯულების სფეროში ორმხრივი და მჭიდრო თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კონსტანტინე კორკელია.
ნინო გვენეტაძემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო
28/01/2016