ნინო ბურჯანაძე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წევრებს სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებს

22/08/2016

ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის საპროცედურო კომიტეტს კიდევ ერთხელ მიმართა დროულად შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები, რათა პარტიამ „უბლოკო სტატუსის“ მინიჭების საკითხზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყოს. ბურჯანაძის განცხადებით, ჩნდება სერიოზული ეჭვი, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი.

„მინდა კატეგორიულად მივმართო პარლამენტის წევრებს, თქვენი პირველი მოვალეობა ბატონებო და ქალბატონებო არის პარლამენტის და კომიტეტის სხდომებზე დასწრება. ნუ გვიშლით ხელს! საპროცედურო კომიტეტის წევრი თხუთმეტი ადამიანიდან რვა „ქართული ოცნების“ წევრია. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ნამდვილად უნდა შეაგროვოს კვორუმი. ერთხელ ჩავარდა ბიუროს სხდომა, პრაქტიკულად უკვე მესამე კვირაა ჩვენ არ გვეძლევა შესაძლებლობა მუშაობის დაწყების, ამავდროულად მინდა ვთქვა, რომ ის, რასაც ახლა საქართველოს პარლამენტის წევრები აკეთებენ არის სიხლის სამართლის კოდექსის 166 მუხლის დარღვევა, სადაც პირდაპირ წერია, რომ პოლიტიკური პარტიისათვის საქმიანობაში ხელის შეშლა, მათ შორის სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის დანაშაული.
მესმის, რომ თქვენ ამ ინიციატივის ძალიან გეშინიათ იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცით, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მხარს უჭერს სწორედ „უბლოკო სტატუსს“ და იმას, რომ არც ერთი სახელმწიფოს, მათ შორის არც რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე აღარ იდგეს.
ჩვენ ამას ყველა შემთხვევაში მივაღწევთ, ჩვენ გავამთლიანებთ სამშობლოს, ჩვენ გავაძლიერებთ ქვეყანას, მაგრამ თქვენი ხელის შეშლის გამო ამ პროცესის დაწყება გვიჭიანურდება. შეასრულეთ თქვენი უფლება-მოვალეობა, მიბრძანდით პარლამენტში და მოგვეცით საშუალება დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება „უბლოკო სტატუსის თაობაზე”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0