ნინო ბურჯანაძემ ფოთში მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

12/10/2017

ფოთში, პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მან მხარდამჭერებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.
შეხვედრა ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრის ფოიეში გაიმართა.
ფოთში მერობისთვის ოთარ ხარჩილავა იბრძვის, ის ასევე პროპორციული სიის პირველი ნომერია. ნინო ბურჯანაძის თქმით, არჩევნებში მათი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში ქალაქში არსებული პრობლემები მოგვარდება.
,,ოთარ ხარჩილავას და მის გუნდს წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. მიუხედავად ამისა, დღეს ფოთში ვარ, ვხვდები აქტიურ მხარდამჭერებს, იმ ადამიანებს, რომლებიც აქტიურად გვგულშემატკივრობენ და ყველანაირად გვიდგანან გვერდში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია , რადგან ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული გუნდი წარმოდგენილი ამ ქალაქში. ადამიანებმა იციან, რომ მათი ადგილობრივ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ის უმსგავსობა, რაც დღესაც დავინახეთ ჩვენ ფოთში, ერთი სერიოზული წვიმის წამოსვლის დროს ადამიანები პრაქტიკულად ქუჩაში გარეთ ვერ გამოდიან და დატბორილია ქალაქი, ეს აღარ იქნება. არ იქნება ძალიან ბევრი ის პრობლემა, რომელიც ადგილობრივებს აწუხებთ. ეს გუნდი იზრუნებს არა საკუთარ თავზე, არამედ ფოთზე და ფოთელების პრობლემაზე,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ოთარ ხარჩილავამ თავს მხრივ მადლობა გადაუხადა ნინო ბურჯანაძეს და შეკრებილებს სამომავლო გეგმები გააცნო.
”ქალაქს დაუბრუნდება ღირსება, ფოთს დაუბრუნდება თანამედროვე ქალაქის სტატუსი, თანამედროვე სტანდარტებით განვითარდება და ღირსეულად დაბრუნდება საქართველოში, როგორც კარიბჭე და მომმარაგებელი მთელი ქვეყნისა,“- აღნიშნა ოთარ ხარჩილავამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0