ნებისმიერი ძალადობა ექვემდებარება დასჯადობას. ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს ძალადობის და მძიმე დანაშაულების პრევენციას

24/05/2022

პარლამენტმა საბოლოო, მესამე მოსმენით განიხილა და ერთხმად მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვით ცვლილებები შედის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, პოლიციის, ელექტრონული კომუნიკაციების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ კანონებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში. პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, დავით მათიკაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, რატი იონათამიშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის და მიხეილ სარჯველაძის საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტებს რედაქციული ხასიათის ცვლილებები არ განუცდია.

„ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ ყოველგვარი ძალადობა არის მიუღებელი, მას სჭირდება და აქვს მყისიერი შესაბამისი რეაგირება. ბოლო დღეებში რამდენიმე მძიმე შემთხვევასთან გვქონდა საქმე და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი ცვლილებებით მკაცრდება განზრახი მკვლელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში. აქამდე, თუკი იქნებოდა განზრახი მკვლელობა ჩადენილი არასრულწლოვნის ან ორსული ქალის მიმართ, არ იყო გათვალისწინებული, მათ შორის, უვადო თავისუფლების აღკვეთა. ასევე, 109 მუხლში განხორციელებული ცვლილებით, გენდერის ნიშნით განხორციელებული განზრახი მკვლელობა ექვემდებარება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს და ასევე გათვალისწინებული იქნება, მათ შორის, უვადო თავისუფლების აღკვეთა. ჩვენი მიზანია პრევენციული სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება და ასევე პროპორციული სასჯელის გამოყენება ჩადენილი ქმედების შესაბამისად. ნებისმიერი ძალადობა ექვემდებარება დასჯადობას და ეს ცვლილებებიც ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს ასეთი ძალადობების და მძიმე დანაშაულობების პრევენციას. ხოლო თუკი მოხდება შესაბამისი შემთხვევა, რა თქმა უნდა, სასამართლოს ექნება სრული შესაძლებლობა, მისი დისკრეციის ფარგლებში იმსჯელოს, მათ შორის, უვადო თავისუფლების აღკვეთის გამოყენებაზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0