ნდობის ჯგუფი თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში შემავალი უწყებების წლიური ანგარიშის მოსმენას აგრძელებს

12/04/2021

პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს მოუსმინეს.
ნდობის ჯგუფის წევრებმა სამსახურის ხელმძღვანელობისგან 2020 წლის განმავლობაში განხორციელებულ საიდუმლო საქმიანობის და სპეციალური პროგრამების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და სამსახურის სამომავლო გეგმებსაც გაეცნენ. დახურულ ფორმატში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, სხდომაზე მოსმენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ნდობის ჯგუფი თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში შემავალი უწყებების წლიური ანგარიშის მოსმენას აგრძელებს. დღეს მოვისმინეთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ანგარიში საიდუმლო საქმიანობის და სპეციალური პროგრამების შესახებ. ეს არის საქმიანობის ის ნაწილი, რომელიც საჯარო არ არის. სხდომაზე ვისაუბრეთ უწყების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, იმ ღონისძიებებზე, რასაც სამსახური დასაცავი პირების და დასაცავი ობიექტების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს. საუბარი ასევე შეეხო გამოწვევებს და ინსტიტუციური განვითარების პრიორიტეტებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უწყებათაშორის და საერთაშორისო თანამშრომლობაზე. სამსახურის საქმიანობა მაღალ შეფასებას იმსახურებს. იგი დასაცავი პირების და ობიექტების, ასევე საქართველოში ვიზიტად მყოფი მაღალი და უმაღლესი თანამდებობის პირების უსაფრთხოების დაცვას ეფექტიანად ასრულებს და სამსახურის საქმიანობის მაღალ შეფასებას ჩვენი პარტნიორებიც აღნიშნავენ“, – განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოსმენას ნდობის ჯგუფის წევრები: ანრი ოხანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0