ნაძალადევის რაიონში, ცქიტიშვილის ქუჩაზე, საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ირაკლი ხელაძესთან ერთად დაათვალიერა. დავით ნარმანია და ირაკლი ხელაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და განხორციელებული პროექტის შესახებ ისაუბრეს. „აღნიშნულ ქუჩაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლისა და გზის საფარის განახლების პარალელურად მოწესრიგდა ტროტუარებიც. ეს არის გამავალი ქუჩა, რომლითაც გარშემო ქუჩების მოსახლეობაც სარგებლობს. რამდენიმე მიმართულებით ჩატარებული სამუშაოების შედეგად ქუჩაზე არსებული ყველა პრობლემა მოგვარდა,“- განაცხადა დავით ნარმანიამ. მიწისქვეშა კომუნიკაციები და საგზაო ინფრასტრუქტურა ცქიტიშვილის ქუჩაზე ათეულობით წლის განმავლობაში მოსაწესრიგებელი იყო, რაც ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, ცქიტიშვილის ქუჩაზე მთლიანად გამოიცვალა წყალარინებისა და წყალსადენის სისტემა, მოეწყო სანიაღვრე ქსელი. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა გაზმომარაგების ქსელს. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარებზე დაიგო ასფალტის საფარი და მოეწყო ბორდიურები. ქუჩის საერთო ფართობი 5933 კვ.მ-ია. ცქიტიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 370 878 ლარი გამოიყო.
ნაძალადევში ცქიტიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა
13/01/2017