ჩვენი გადარჩენის რეალური საშუალება სტაბილურობაა, ამ სტაბილურობაზე მიდის შეტევა ”ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, – ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
”საზოგადოებას ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიმართ აქვს ერთი მთავარი პრეტენზია, რომ ადამიანებთან დამოკიდებულებაში იყვნენ მტყუანები, ბევრ ადამიანს დაუნგრიეს ცხოვრება. მათი სტრატეგია მიდის იქითკენ, რომ სწორად აკეთებდნენ ყველაფერს, ამიტომ კრიმინალისგან საზოგადოება დაცული უნდა იყო – ეს ერთი მიმართულებაა. მათი მეორე მიმართულება ისაა, რამაც ვერ გაამართლა, რომ ”ნაციონალურ მოძრაობას” დასავლეთისკენ ჰქონდა სვლა, ხოლო ”ქართულ ოცნებას” უნდა რომ დააბრუნოს საქართველო საბჭოთა კავშირის წიაღში. ახლა მათი მთელი მუშაობა მიდის იმაზე, რომ საქართველოში არასტაბილური მდგომარეობაა. ერთადერთი მთავარი ფუნქცია საქართველოს რაც გააჩნია, ეს არის დამაკავშირებელი რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. გეოპოლიტიკურ რუკაზე ჩვენი მთავარი ფუნქციაა: სატრანზიტო სისტემები, სტაბილურობა, ტურისტების შემოდინება და ინვესტიციების შემოდინება. ჩვენი გადარჩენის რეალური საშუალება სტაბილურობაა, ამ სტაბილურობაზე მიდის შეტევა ”ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. შინაგან საქმეთა მინისტრი იქნება, საგარეო საქმეთა მინისტრი თუ ეკონომიკის მინისტრი, ალბათ, ყველას გამოსვლა ამ თემაზე არის ადეკვატური, ყველა საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა ვოლსკიმ.