„ნაციონალური მოძრაობის“ სულელური ქმედებები რომ არა, ის რაც მოხდა, არ მოხდებოდა

14/06/2016

„ნაციონალურ მოძრაობას“ ისე გამოჰყავს, რომ ეს 2008 წლის ომი დაიწყო რუსეთმა და მოიგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდური და ონლაინ-მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ივანიშვილის შეფასებით, წინა ხელისუფლებამ ბევრი გაუაზრებელი შეცდომა დაუშვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ სულელური ქმედებები რომ არა, ის რაც მოხდა, არ მოხდებოდა. ახლა მზადდება ფილმი, რას სთხოვენ სააკაშვილს, როგორ ითხოვენ ამერიკელები, რომ გაჩერდეს. მაილსი იხსენებს, მუდამ ამას ცდილობდა და ძლივს ვაჩერებდითო. მაგრამ რუსული აგრესიის როლი ამით არ მცირდება. რას გადაწყვეტს პუტინი და როგორ მოიქცევა, ამაზე საუბარი ჩემთვის რთულია, მაგრამ ჩვენ რა შეგვიძლია და რა უნდა გავაკეთოთ, ამაზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენ შეგვიძლია ქვეყანა გავაერთიანოთ და ეკონომიკა განვავითაროთ. მოლაპარაკების ალტერნატივა არ არსებობს. ჩვენ ავირჩიეთ სწორი სტრატეგია. დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა განვავითაროთ. გაძიერებულ და გამთლიანებულ სახელმწიფოში ჩვენს ძმებსაც გაუჩნდებათ სურვილი, ჩვენთან იყვნენ. ახლა რუსეთი აგრძელებს პროვოკაციებს, ეს დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ. მიანიშნებენ, უნიათო ხელისუფლებააო, ამ დროს უნიათოები თვითონ არიან, ნახეთ რა დღეში დატოვეს სახელმწიფო“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, უნდა ველოდოთ მოთმინებით და ჯერ დავიბრუნოთ ხალხი და არა ტერიტორიები.

„ბევრი გაუაზრებელი შეცდომა მოხდა წინა ხელისუფლებების დროს, მარტო რუსეთს ნუ დავაბრალებთ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0