”ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ვურჩევ, პარლამენტის რეგლამენტთან დაკავშირებით ტრენინგი გაიარონ

13/04/2016

მანანა კობახიძე ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ურჩევს, პარლამენტის რეგლამენტთან დაკავშირებით ტრენინგი გაიარონ ან რჩევა იმ ადამიანებს ჰკითხონ, ვინც საპროცედურო წესებში კარგად ერკვევიან. აღნიშნული განცხადება დღევანდელი პლენარული სხდომის წამყვანმა მანანა კობახიძემ უმცირესობის წევრების იმ ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა, რომელიც სესიაზე მისი მისამართით, განცხადებებისათვის დროის გაგრძელებისა და ნახევარი საათის დამატების მოთხოვნას მოჰყვა.
პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განცხადებებისთვის კიდევ ნახევარი საათის დამატება, რასაც ოპოზიცია ითხოვდა, კამათისა და დაპირისპირების თემად იქცა.

“დღეს რეგლამენტის თანახმად, რეგლამენტის დაცვით, მისი 137-ე, 138-ე, 159-ე მუხლების გათვალისწინებით სრულიად კანონიერად გამოვყავი 30-წუთი განცხადებებისათვის. არავითარი შეთანხმება ბიუროს სხდომაზე განცხადებებთან დაკავშირებით არ ყოფილა. ბიუროს სხდომაზე ითქვა, რომ იმის მიხედვით, რა დრო დასჭირდებოდა ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონპროექტის განხილვის დასრულებას, გადაწყდებოდა, გაგრძელდებოდა თუ არა დრო განცხადებებისთვის, ხოლო ამის გადაწყვეტის უფლება ერთპიროვნულად აქვს სხდომის წამყვანს. აქედან გამომდინარე, მე დღეს სრულიად ლეგიტიმურად მქონდა უფლება იმისა, რომ დრო არ გამეგრძელებინა და საკითხი არც კენჭისყრაზე დამესვა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ ამ მოთხოვნას აყენებდით, გადაწყვეტილება მხოლოდ საკუთარ თავზე არ ავიღე, საკითხი კენჭისყრაზე დავსვი და გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობის გათვალისწინებით მივიღე. ამის შემდეგ გამომსვლელებისთვის მიცემულ იქნა კანონით განსაზღვრული დრო და აქ არავითარ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ვერც ერთ საყვედურს მე ვერ მივიღებ იმ ძალისგან, რომელიც დღეს მხოლოდ დესტრუქციით, სხდომის ჩაშლით, კანონის დარღვევით, რეგლამენტის დარღვევით იყო დაკავებული”, – მიმართა კობახიძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0