„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქცია ბოიკოტის რეჟიმში მუშაობას აგრძელებს

03/02/2020

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ბრიფინგზე, ჟურნალისტებთან, მისი პოლიტიკური გუნდის საპარლამენტო საქმიანობის გეგმებზე ისაუბრა.

„ხვალ იწყება პარლამენტის საგაზაფხულო სესია და მინდა საზოგადოებას ჩვენი გეგმების შესახებ მოვახსენო. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფრაქცია საპარლამენტო ცხოვრებაში, როგორც საკანონმდებლო ინიციატივებით, ასევე საპარლამენტო ცხოვრების ყველა სფეროში ჩვენი ფრაქცია გამოირჩევა მონდომებით, მაგრამ სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ გვაიძულა, რომ გამოვიყენოთ კანონით მინიჭებული უფლება ბოიკოტის შესახებ. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან საპარლამენტო დიალოგისთვის მზად არ არის. ქართული ოცნება დაშორდა ხალხს და არ არის მზად მათთან სასაუბროდ. ამიტომ, ხვალ ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ბოიკოტის რეჟიმში მუშაობას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ფრაქციის თავმჯდომარემ პარლამენტის შენობასთან ხვალ დაგეგმილ პიკეტირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია საპროტესტო აქციებს გამართავს როგორც საკანონმდებლო ორგანოსთან, ასევე მთავრობის კანცელარიასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და ეს „ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე“.
რომან გოცირიძემ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის იმ განცხადებასაც უპასუხა, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობის“ და ამერიკული ლობისტური ორგანიზაციის ხელშეკრულებას ხელს ბათუ ქუთელია აწერს.
ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით, მამუკა მდინარაძეს გვარი აერია, რადგან მისივე ინფორმაციით, ხელშეკრულებას ხელს პარტიის აღმასრულებელი მდივანი, კობა ნაყოფია და სხვა არც ერთი პირი ამ კონტრაქტში ნახსენები არ არის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0