ნაცვლიშვილი: პრემიერი ყურადღებით გვისმენდა, საკმაოდ ინფორმირებულია მთელი რიგი მიმართულებებით

26/01/2016

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არასამთავრობოებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

როგორც ნაცვლიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოებას ჰქონდეს ქვეყნის უმაღლეს თანამდებობის პირებთან პირდაპირი და სისტემატური კომუნიკაციის შესაძლებლობა და კარგი იქნება თუ ეს შეხვედრა სისტემურ ხასიათს მიიღებს.

„შეხვედრების მზაობა პრინციპში, პრემიერმა გამოთქვა. მან თქვა, რომ რამდენიმე თემატურ საკითხთან დაკავშირებითაც უნდა, ასეთი ტიპის შეხვედრები გაგრძელდეს და ჩვენი მხრიდანაც არის აბსოლუტური მზაობა იმისთვის, რომ ის ინფორმაცია რაც გვაქვს და ასევე, ის რეკომენდაციები – მწვავე პრობლემები როგორ შეიძლება მოგვარდეს ქვეყანაში, მას მივაწოდოთ მუდმივ რეჟიმში.

ასე რომ, შეხვედრას ცალსახად დადებითად ვაფასებ, უბრალოდ, კარგი იქნება თუ მას ექნება სისტემატური ხასიათი და იქნება თემატური მიმართულებებით, რომ შევძლოთ სიღრმეებში ჩასვლა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, პრემიერი ინტერესით ისმენდა ყველა იმ საკითხს, რომელიც დაისვა არასამთავრობო სექტორის მხრიდან.

„ეს იყო პირველი, პრინციპში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა და უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. პრემიერი ინტერესით ისმენდა ყველა იმ საკითხს, რომელიც დაისვა არასამთავრობო სექტორის მხრიდან. იყო საკითხთა საკმაოდ ფართო სპექტრი. ძალიან ბევრი საკითხი მოინიშნა და გარკვეულ საკითხებზე დაგვპირდა, რომ შემდგომი შეხვედრების დროს მას ექნება უფრო მეტი ინფორმაცია.

რა თქმა უნდა, დაისვა ინსტიტუციური რეფორმების გაგრძელების და სწრაფად გატარების მნიშვნელობა. ის დაგვეთანხმა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოში მიმდინარე მოვლენები და თქვა, რომ ამ საკითხს უნდა მიექცეს ძალიან მაღალი დონის ყურადღება. მან ასევე  თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის რეფორმების მიმართულებით მუშაობა გასაგრძელებელია და  რომ  მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე, სამართალდამცველთა მხრიდან ძალის გადამეტების და ზოგადად უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე.

„შეჯამების სახით შემიძლია გითხრათ, რომ ის ყურადღებით გვისმენდა და ჰქონდა პოზიციები მნიშვნელოვან საკითხებზე. საკმაოდ ინფორმირებულია მთელი რიგი მიმართულებებით და ჩვენ ველოდებით, რომ ეს შეხვედრა კონკრეტულ საქმეებში და კონკრეტულ გაუმჯობესებებში აისახება ქვეყნის სასიკეთოდ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0