ნატო ზურგს გვაქცევს, ვიზალიბერალიზაციის პროცესი კი შეჩერებულია

07/06/2016

ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა აბსოლუტურ იზოლაციაში, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ახლადდაფუძნებული პოლიტიკური მოძრაობა ”თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის” წევრმა ლალი მოროშკინამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პროცესების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ პროცესმა დაადასტურა, რომ ნატო ზურგს გვაქცევს და ვიზალიბერალიზაციის პროცესი ძალიან ცუდი ფორმით არის შეჩერებული.

”ყველამ უნდა გაიგოს, თუ რა მოხდა საქართველოში, ვინ არის დამნაშავე ამაში. დღეს ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა აბსოლუტურ იზოლაციაში. სააკაშვილის დაპირებები და ”ნაციონალური მოძრაობის” დაპირებები, რომ ჩვენ ვიქნებოდით ევროპული ქვეყანა, წარსულს ჩაბარდა და გუშინდელმა დღემ, სამწუხაროდ, ყველა დაგვარწმუნა ამაში. ნატო ზურგს გვაქცევს, ევროკავშირში ვიზალიბერალიზაციის პროცესი კი ძალიან ცუდი ფორმით არის შეჩერებული. ძალიან დაკნინებულად უნდა ვგრძნობდეთ წესით თავს და სერიოზული ნოტა უნდა მზადდებოდეს, თუმცა ამის გამკეთებელი არავინაა. კრახით დასრულდა ქართული დიპლომატია. გუშინ ვესაუბრებოდი ჩვენ კოლეგა ჟურნალისტებს ევროპის სხვადასხვა სტრუქტურებიდან და გვითხრეს, რომ სამარცხვინო ამბავი იყო, რაც ქართული დიპლომატიის სახელით მოხდა. ვერ შევძელით ვერც ჩვენი ქვეყნის პოზიციების დაცვა, ვერც საკადრისი პასუხის გაცემა იმ პასკვილებზე, რაც ქართველებზე იწერება. ევროპაში კრიმინალის მომატება არ მომხდარა ქართველების ხარჯზე, რადგან კრიმინალმა მოიმატა სირიელი ლტოლვილების ხარჯზე და სხვადასხვა პრობლემების გამო, რომლებიც ევროპას მრავლად აქვს. ჩვენი ბიჭები ხშირად არ იქცევიან ღირსეულად, მაგრამ არ დაფიქსირებულა არც ერთი მძიმე შემთხვევა”, – განაცხადა მოროშკინამ.

მისივე თქმით, ევროპაში განცდილი კრახის შემდეგ აუცილებლად უნდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან.

”ევროპაში განვიცადეთ კრახი, ხოლო რუსეთში საერთოდ არ ვართ წარმოდგენილი დიპლომატიური ფორმატით, თუ არ ჩავთვლით კარასინი-აბაშიძის ფორმატს, რომელიც ზღვაში წვეთია. ჩვენ გვჭირდება დარეგულირება და ურთიერთობის ნორმალურად დაწყება. საქართველო უნდა დაბრუნდეს 2008 წლამდე არსებულ სტატუსკვომდე. უნდა დაბრუნდეს ტერიტორიები, რომლებიც მის მერე დავკარგეთ, მისახედია სამაჩაბლო და აფხაზეთი. ევროპა ჩვენთან არ ლაპარაკობს და ნატო კარს არ გაგვიღებს და თუ რუსეთთან გავაგრძელეთ კონფრონტაციული რეჟიმი, კარგს არაფერს მოგვიტანს. ის, რასაც ამბობს მეჭიაური, რომელიც არაერთი მოწვევის წევრია პარლამენტის, რომელმაც პირველად გაბედა და გააკეთა განცხადება ნატო-სთან მიმართებაში, გადის დრო და ვხვდებით, რომ მართალი იყო. არა მხოლოდ ნატო-მ გვითხრა უარი, ვიზალიბერალიზაციაზე ისეთი უკმეხი პასუხი გაგვცეს ფრანგებმა და გერმანელებმა, გასაგებია ჩვენი ბედი რომ გადაწყვეტილია. რჩება მოლაპარაკების პროცესი იმ ქვეყანასთან, რომელიც თავიდან ძალიან დაინტერესებული იყო იმით, რომ ჩაეთრიათ ჩვენი ქვეყანა კონფლიქტში და დღეს კოდორს და 30 კმ-ში ჩვენ ტერიტორიას აკონტროლებს. სააკაშვილმა ვერ გაუძლო ამ დიდ გამოწვევას და ქვეყანა ჩაითრია ომში. ჩვენმა თაობამ უნდა ვიზრუნოთ, როგორ დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები და ამისთვის უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები”, – განაცხადა მოროშკინამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0