სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ნატახტარში კომპანია „უოთერ ლენდის“ კიდევ ერთი საწარმო გაიხსნა. საწარმო მტკნარ და მინერალურ წყლებს, ასევე, ლიმონათს აწარმოებს. ახალი საწარმოს მშენებლობაში კომპანიამ 3 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. ამ ეტაპზე წარმოებული პროდუქციის 80 პროცენტზე მეტი ექსპორტზე გადის 10-ზე მეტ ქვეყანაში. საწარმოში 100 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის უმრავლესობა ადგილობრივია. საწარმო ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილთან, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესთან და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძესთან ერთად გახსნა. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნესის წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით მცხეთა-მთიანეთის მხარეში სულ დაფინანსებულია 610 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 322 მილიონ ლარს აღემატება, დასაქმებულთა რაოდენობა კი 3,673-ია.
ნატახტარში კომპანია „უოთერ ლენდის“ კიდევ ერთი საწარმო გაიხსნა
19/07/2022