ნარჩენების სეპარაციის სისტემის დანერგვისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით მერიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

01/08/2018

თბილისის მერიას, „თბილსერვის ჯგუფს“, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელსა“ (CENN) და საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის ურთიერთთანამშრომლობას მერიის პროექტის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყება და მიზნად ისახავს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად, დედაქალაქში ნარჩენების სეპარაციის სისტემის ეტაპობრივი დანერგვის, ასევე, ნარჩენების ხელახალი გამოყენებისა და რეციკლირების ხელშეწყობას, თბილისში ათ ადგილზე სეპარაციის სტენდების განთავსებისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების გზით.
თბილისის მერიის მხრიდან მემორანდუმს ხელი თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ მოაწერა. მისი თქმით, დოკუმენტზე ხელმოწერა თბილისში ნარჩენების სეპარირების დაწყებისთვის პირველი წინ გადადგმული ნაბიჯია. მაია ბითაძის განცხადებით, თბილისში სეპარირებული ურნები მიმდინარე წლის ბოლოდან გამოჩნდება.

„დღევანდელი მემორანდუმი წინ გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ თბილისში სეპარირება, ნარჩენების დახარისხება დაიწყოს. უკვე წლის ბოლოდან თბილისში გამოჩნდება სეპარირებული ურნები. ჩვენ თბილისელების მხარდაჭერის იმედი გვაქვს იმაში, რომ სეპარირების იმ თანამედროვე მოდელს, რომელმაც საბოლოო ჯამში ნარჩენი პროდუქტად უნდა აქციოს, საფუძველს ჩავუყრით და ძალიან აქტიური იქნება თბილისი ამ პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მემორანდუმი ეფუძნება ნარჩენების მართვის კოდექსსა და ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0